რას წერს ცნობილი ამერიკელი მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაზე

29 ნოემბერი, 2017წ

გაზიარება

რას წერს ცნობილი ამერიკელი მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაზე

რას წერს ცნობილი ამერიკელი მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაზე

პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი უკვე წლებია რაც ქართული ღვინითაა მოხიბლული და ჩვენი მეღვინეობის სათავეებსაც იკვლევს. დიდწილად სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა ის ბოლოდროინდელი წარმატება და საერთაშორისო აღიარება, რაც ქართულ ღვინოსა და მეღვინეობას ხვდა წილად. მაკგოვერნი თავის წერილებში და სტატიებში ქართული ღვინის შესახებ მეტად საინტერესო დასკვნებს აკეთებს. ჩვენს მკითხველებს შემოკლებით ვთავაზობთ ცნობილი მკვლევარის ერთ-ერთი სტატიის ქართულ თარგმანს, სადაც მეცნიერი ქართული მეღვინეობის უძველესობასა და უნიკალურობაზე საუბრობს.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში პირველი “ღვინის კულტურები” ნეოლითის პერიოდში (8500-4000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ამიერკავკასიის მთიან რეგიონებში – თანამედროვე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აღმოცენდა. ვაზის ველური, ევრაზიული ქვესახეობები (Vitis vinifera sylvestris) დღესაც იზრდება აღნიშნული რეგიონის მაღალმთიან ადგილებში, რომლებიც კარგად გამომშრალი კირქვიანი, რკინით მდიდარი წითელმიწა ნიადაგითა და საშუალო ნალექებით გამოირჩევა. აღნიშნულ მაღალმთიან რეგიონებში მართლაც დადგინდა Vitis vinifera-ს მნიშვნელოვანი გენეტიკური ცვალებადობა, რაც მიანიშნებს მცენარეების აღმოცენების “მსოფლიო ცენტრზე” და სადაც, ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ აღნიშნული მცენარის მოშინაურება დაიწყო.

ამიერკავკასიაში ნეოლითის ხანის საზოგადოებები ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სულ ცოტა, 6000 წლის წინ ყალიბდებოდა და კაცობრიობის ისტორიაში პირველად სწორედ ამ დროს გაჩნდა მსხვილ მასშტაბებში ვაზის გაკულტურებისა და მეღვინეობის განვითარების ძირითადი წინაპირობები (მაგალითად, თიხის ნაკეთობები). აქ ჩასახულმა მევენახეობამ გავრცელება ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში დაიწყო და დროთა განმავლობაში, ევროპასა და ამერიკაში. ამის დამადასტურებელია სიტყვა “ღვინის” პროტო-ინდო-ევროპული ძირი, რომლისგანაც მომდინარეობს აღნიშნული სიტყვის თანამედროვე ვარიანტი ინდო-ევროპულ, სემიტურ და სლავურ ენებში, რაც მის კავკასიურ წარმოშობაზე მოწმობს.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე პირველი “ღვინის კულტურები” ნეოლითის პერიოდში (8500-4000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ამიერკავკასიის მთიან რეგიონებში – თანამედროვე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აღმოცენდნენ. ვაზის კულტურების არსებობის შესახებ ნეოლითის პერიოდში, როცა მეღვინეობას სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დომინანტური მნიშვნელობა ჰქონდა, ადრეული მტკიცებულებები მოიპოვება საქართველოში. თბილისის სამხრეთით, შულავერის სამარხში, ნაპოვნია ყურძნის წიპწები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება და რომელიც აქ უძველესი “მოშინაურებული” ვაზის (Vitis vinifera vinifera) მოყვანის მოწმობად შეიძლება ჩაითვალოს. ველურ სახეობებთან შედარებით ადამიანის მიერ მოშენებული ვაზის უპირატესობა მისი თვითდამტვერვაა, რაც სელექციონერების გარდა, თესლის უმცირესი რაოდენობიდან უფრო უხვი და პროგნოზირებადი მოსავლისა და უფრო წვნიანი და გემრიელი ნაყოფის მიღების შესაძლებლობას იძლევა. უძველესი ნეოლითის ხანის მებაღემ გამოიგონა, აგრეთვე, ვაზის “კლონირების” შესაძლებლობა ფესვების გადარგვისა და ვაზის რქის დამყნობით.

ნეოლითის ხანაში მეთუნეობის გაჩენა ღვინის წარმოებისა და შენახვის მთავარ ფაქტორად იქცა. საქართველოში - შულავერსა და ხრამის დიდი გორას გათხრებში, რომელიც ჩვენს ერამდე VI ათასწლეულით თარიღდება, ამის დამადასტურებელი უძველესი, შედარებით ფასეული მტკიცებულებები იქნა მოპოვებული. ნაგებობის შიგნით ნაპოვნია დოქები, ფსკერზე მოწითალო ნალექით (ღვინის ნალექი?), რომლებიც გარედან მორთულია ყურძნის მტევნებითა და ვაზის ქვეშ მდგარი მხიარულად ხელებაწეული ჯოხისებრი ფიგურებით.

შედარებით გვიანდელ პერიოდში საქართველოს ცხოვრებაში მევენახეობის მნიშვნელობა უფრო მატულობს და ახალ კულტურულ ასახვას ჰპოვებს. ამის მაგალითია ნაპოვნი შთამბეჭდავი და უნიკალური არტეფაქტები, რომელიც დამახასიათებელია ჩვენს ერამდე II ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული ეგრეთ წოდებული “თრიალეთის კულტურისათვის”. თვითონ თრიალეთში (თანამედროვე თბილისის დასავლეთით) არსებულ დიდი ზომის სამარხებში (ყორღანებში), ასევე გათხრების სხვა ადგილებშიც, რომლებიც აღნიშნულ პერიოდს მიეკუთვნება, აღმოჩენილია გასაოცარი, მდიდრულად მოხატული ოქროს და ვერცხლის თასები, ხშირად გამოსახული ღვინის სმის რიტუალებით და სცენებით. ყურძნის მტევნის მარცვლები ხშირად იფარებოდა ვერცხლით და ამით ხაზს უსვამდნენ მცენარის იდუმალ ფორმასა და ხაზებს. მცენარე, რომელიც მისი 4000 წლიანი ასაკის მიუხედავად პირველყოფილი ფორმით არის შემონახული, გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის “ოქროს ფონდში” რამდენიმე თრიალეთურ თასთან ერთად. 
 
დღეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით კახეთსა და მდინარე რიონის მიმდებარე რეგიონებში, ღვინოს აყენებენ ჯერაც ტრადიციული დუღილის ხერხით, ზოგჯერ რამდენიმე წლის განმავლობაში მიწაში ყელამდე ჩაფლულ დიდ დოქებში (ქვევრებში), ან ხელოვნურად შექმნილ ბორცვებში, რომელიც მიწაში ჩაფლულ მრავალ ქვევრს წარმოადგენს (მარანი). თუმცა, აღნიშნული ტრადიციის ყველაზე ადრეული მოწმობები შეიძლება მიეკუთვნოს რკინის ხანას ჩვენს ერამდე: ნაპოვნია რომისა და ბიზანტიის პერიოდების მარნების დიდი რაოდენობა. ღვინის წარმოება გრძელდებოდა ქვეყნის მიერ ქრისტიანობის მიღების შემდეგაც და შუასაუკუნეების პერიოდშიც, რაც გარკვეულწილად გამოწვეული იყო ღვინის ჩართვით ზიარების წესში. დღეს  საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ ღვინო აქ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: ღვინოს სვამენ სუფრაზე, რომელსაც როგორც წესი, მასპინძელი უძღვება და თამადის როლს ასრულებს.
   
ვაზის მოშენების დიდი ხნის ტრადიციებმა ხელი შეუწყვეს შავი და თეთრი ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშების წარმოქმნას ისეთი ეგზოტიკური დასახელებებით, როგორიცაა საფერავი და რქაწითელი, რომელთა წარმოშობა შეიძლება ნეოლითის პერიოდს მივაკუთვნოთ. პროფესორმა რევაზ რამიშვილმა, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან არსებული მევენახეობის ინსტიტუტის დირექტორმა, შულავერში ნაპოვნი ყურძნის კურკების ინდენტიფიცირება მოახდინა. ევრაზიული ვაზის ბოტანიკური შესწავლის სფეროში იგი და მამამისი პიონერები არიან. ველურსა და კულტურული ყურძნის ჯიშებს შორის არსებული შუალედური ჯიშები, რომელიც პირველად უფროსი რამიშვილის მიერ იქნა იდენტიფიცირებული და სახელი მის საპატივსაცემოდ დაერქვა, ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს აღნიშნულ მცენარის მოყვანაში.

დღეისათვის საქართველოში გაშენებული ყურძნის ევრაზიული ჯიშების დნმ-ის ანალიზის დროს დადგენილ იქნა, რომ ზოგიერთი ქართული ჯიში, მაგალითად (“მაღლარი თვრინა” და “ოჩხამური საფერე”) ახლოს დგას ზოგიერთ დასავლეთ ევროპულ ჯიშებთან, პინო ნოარის, სირასა და ნებიოლოს (Pinor Noir, Syrah და Nebbiolo) ჩათვლით. აღნიშნული დასკვნები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მცენარე ყველაზე პირველად გაშენებულ იქნა ახლო აღმოსავლეთის მთიან რაიონებში (აღმოსავლეთ ტაურუსი, ჩრდილო-დასავლეთ ზაგროსი და კავკასიის მთები), აღნიშნული შეიძლება გავრცელდეს საქართველოზეც. საჭიროა კვლევების გაგრძელება, კერძოდ კი ვაზის თანამედროვე ჯიშებთან სხვა რეგიონების იმ ჯიშების შედარება, რომელთა ნიმუშები ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული (განსაკუთრებით აზერბაიჯანის და ირანის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონების).
 
საქართველოში ბოლო ჩასვლისას 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის და სიძველეთა განყოფილების პროტექციის წყალობით, ვერცხლით დაფარული თრიალეთური ყურძნის მტევნების მნიშვნელოვანი დამატებითი ნიმუშების შეგროვება შევძელი. ახლა ჩვენ საკმაოდ კარგი საშუალება გვაქვს შულავერის თესლთან ერთად მათი დნმ-ის საბოლოო შესწავლის ჩასატარებლად, რადგან უმჯობესდება ექსტრაჰირებისა და ანალიზის მეთოდები.

ასევე შერჩეული და გამოკვლეულ იქნა ადრეული ნეოლითის პერიოდის თიხის ნაკეთობათა ნიმუშები, ნაპოვნი დღეისათვის გადაჭრილში ჩვენს ერამდე 6000-700 წლებით დათარიღებულ მიმდინარე გათხრებში. რადგან ისინი არ დაუმუშავებიათ კონცენტრირებული მარილმჟავათი, საჭიროა წარმოვადგინოთ ქიმიური ანალიზის უფრო სრული შედეგები, ვიდრე ეს გავაკეთეთ შულავერიდან და ხრამის დიდი გორიდან უკვე ტესტირებული ნიმუშებთან მიმართებაში. გამოკვლევების წინასწარი შედეგები უკვე მიანიშნებენ შუა აღმოსავლეთში ნაპოვნი ნეოლითური დოქების შიგნით ღვინის მჟავა-ტარტარის – ყურძნისა და ღვინის ბიომარკერის არსებობაზე. თუ ეს დადასტურდება მოწინავე ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გამოკვლევებით, (კერძოდ თხევადი ქრომატოგრაფიით და ტანდემური მას-სპექტრომეტრიით), ეს დაადასტურებს, რომ საქართველოს გავლენა კაცობრიობის ცივილიზაციაზე ძალზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური იყო, ასე რომ მას (საქართველოს) თავისუფლად შეიძლება “მეღვინეობის აკვანი” ეწოდოს.