ჩეჭიფეში - ვაზის იშვიათი ჯიში სამეგრელოდან

17 ოქტომბერი, 2017წ

გაზიარება

ჩეჭიფეში - ვაზის იშვიათი ჯიში სამეგრელოდან

ჩეჭიფეში - ვაზის იშვიათი ჯიში სამეგრელოდან

ჩეჭიფეში მეგრული სიტყვაა და ნიშნავს თეთრ წვრილს. ამ სახელწოდებას ჯიში სავსებით ამართლებას. სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, იგი უფრო მომცრო და ნაზი აგებულების მარცვლებს ივითარებს. ჩეჭიფეში სამეგრელოს თეთრყურძნიან ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩეჭიფეში როგორც საადრეო ჯიში, მასობრივად ყოფილა გავრცელებული მაღლარად სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში. ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ძირითადად ამზადებდა ღვინოს, რომელიც ხასიათდებოდა ალკოჰოლის საკმაო შეცულობით და ჰარმონიულობით.

ჩეჭიფეშის ღვინო ნორმალურ ალკოჰოლთან ერთად (10,81º) შეიცავს ოდნავ მომეტებულ, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობას. მქროლავი მჟავას  ოდენობა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ესქტრაქტის რაოდენობა ღვინოში არაა დიდი, მაგრამ სხვა ელემენტებთან შეფარდებით ამ ტიპის ღვინისათვის საკმაოდ უნდა ჩაითვალოს.

ჩეჭიფეშის ღვინო ფერად ლამაზი, ღია მოჩალისფრო, საკმაოდ ჰარმონიული და ოდნავ მომჟავო, მაგრამ სასიამოვნო სასმელი ღვინო. ეს შეფასება სავსებით აკმაყოფილებს ორდინარული ტიპის ღვინოსადმი წაყენებულ მოთხოვნას. ამ ჯიშის ღვინო ხანგრძლივად არ ინახება და ნაკლებად ტრანსპორტაბელურია, ამიტომ მას წარსულში არ აძველებდნენ და ძირითადად მაჭრად, საგვიანო ჯიშების კრეფის დროს იყენებდნენო.

ჩეჭიფეში საღვინე ჯიშია, მაგრამ მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც. სამეგრელოს აბორიგენულ ვაზის ჯიშთა შორის ჩეჭიფეში ფართო მოწონებას იმსახურებს, რადგან საინტერესო ღვინოს იძლევა და ამ დადებით თვისებებთან ერთად საადრეო ჯიშია. იგი იმ დროს მწიფდება, როცა სხვა ადგილობრივი ჯიშები მხოლოდ შეთვალებას იწყებს (სექტემბრის ბოლოს). სამეგრელოს თბილი, ტენიანი ეკოლოგიური პირობებისათვის ასეთი ჯიშის გავრცელებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ იყვნენ პირველი მეღვინეები?

რატომ ფუჭდება ღვინო?