შერმადინის დღიურები: ქვევრში ყოფნის აუტანელი სიმსუბუქე

02 ოქტომბერი, 2017წ

გაზიარება

შერმადინის დღიურები: ქვევრში ყოფნის აუტანელი სიმსუბუქე

შერმადინის დღიურები: ქვევრში ყოფნის აუტანელი სიმსუბუქე

რამდენიმე თვის წინ "ფეისბუქმა"ერთი ჩემი 4 წლის წინანდელი სტატუსი შემახსენა, რომელიც ეძღვნებოდა იუნესკოს მიერ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის აღიარებას. მაშინ მქონდა ბედნიერება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მემუშავა და შიგნიდან მეყურებინა იმ პროცესისთვის, რაც ამ აღიარებას წინ უძღოდა. ეს სტატუსი გახდა ქვევრის ღვინის თავიდან დაბადების ნიშანი, რამაც ბევრ მეღვინეს, რომელიც მანამდე ქვევრს წარსულის უსარგებლო გადმონაშთად მიიჩნევდა, აზრი შეაცვლევინა.

იუნესკოს აღიარებამ ასევე დიდი სარგებელი მოუტანა მექვევრის თითქმის მივიწყებულ პროფესიას და დღეს, მაგალითად, ჩემი მექვევრე, ავსტრალიიდან დაწყებული, ამერიკის კონტინენტით დამთავრებული, მუდმივად გზავნის თავის ნახელავს და 10 წლის წინ თუ მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გზებზე გაჩენილი ორმოები აფიქრიანებდა, ახლა ოკეანეებზე მოძრავი ჰაერის ნაკადებსა და შტორმებზე დარდი დაემატა, რათა გემით გაგზავნილმა ქვევრებმა უვნებლად ჩააღწიონ დანიშნულ ადგილამდე.

შტორმი და ტაიფუნი ჭიათურიდან ჩამოტანილ ჩვენს ქვევრებს არ დამუქრებია და ამიტომ დაუზიანებლად მივიტანეთ მარნის კარამდე, სადაც მათ წინასწარ გამზადებული თხრილი ელოდა. ორმეტრიანი ორმოს ამოთხრით, სახლისთვის საძირკვლის შერყევის შიში არ გამართლდა და დიდი ძალისხმევისა და გრძელკიდურებიანი მეგობრების დახმარებით, ქვევრები "სარკოფაგში" მოვათავსეთ.

ქვევრის ორმოში დაფიქსირების შემდეგ, აუცილებელია ერთი მეთერთმეტე საუკუნის დროინდელი წესის აღსრულება, რომელსაც ქვევრის დადუღაბებას უწოდებენ. ეს მეთოდი გულისხმობს ქვევრის გარედან შელესვას წყალში გახსნილი კირით, რომლის მიზანია ქვევრის კედლების სიმტკიცის გაზრდა, რათა მასში გრუნტის წყალმა არ შეაღწიოს. ისტორიული ცნობებით, ქვევრის დადუღაბების ტრადიცია მეთერთმეტე საუკუნიდან მოდის და უკავშირდება იმ პერიოდში მომხდარ დიდ მიწისძვრას, რა დროსაც ძალიან ბევრი ღვინით სავსე ქვევრი დაზიანდა. ამის შემდეგ "თეთრი პერანგით" შემოსილ ქვევრებს ეტაპობრივად ეყრება ქვაგაურეველი მიწა და ინამება, რომ მიწა თანაბრად დაჯდეს.

ქვევრების ჩაყრის შემდეგ ოჯახში ახალი წევრების შემომატების განცდა გაჩნდა, ფაქტობრივად, ბავშვი ატირდა მარანში... გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ამ "არსებებს" ესმით და გრძნობენ ყველაფერს; განიცდიან და ეჭვიანობენ ერთმანეთზე, როცა გარეცხვისას ერთ ქვევრთან დიდხანს შეყოვნდები; ადამიანივით ახველებენ, როცა გოგირდის ჩაბოლების აუცილებელ წესს ასრულებ; გახშირებულად სუნთქავენ ღვინის დუღილისას და ვირუსივით გადააქვთ სიმხურვალე გვერდით ჩაფლულ "კოლეგაზე", თუ ქვევრის ჩაყრის დროს საჭირო დისტანცია თავიდანვე არ დაიცავი...


ქვევრი ხდება იდუმალი მედიტაციის სივრცე, როცა შიგნით ჩადიხარ და ცივილიზაციიდან გაქცევის თუნდაც რამდენიმე წუთიანი განცდა გეუფლება. შემთხვევითი ნამდვილად არ არის, როცა საქართველოში ამქვეყნიური ამბებიდან გამოთიშულ ადამიანზე აბობენ, ჭურში ზისო.




მოკლედ, ეს არის ბუნებრივი მეტამორფოზა, რომელიც ალბათ, ქვევრის ბევრ პატრონს გამოუცდია და მე უფრო "ქვევრებით შეპყრობას" დავარქმევდი.
"ქვევრით შეპყრობის" ტრადიცია ამ ქვეყანაში საუკუნეებს ითვლის და ისტორიას ახსოვს ბევრი ასეთი "შეპყრობილი", რომლებიც მარანში ქვევრების გაჩენის შემდეგ ახალ ცხოვრებას იწყებდნენ.
ქვევრის მოცულობა საქართველოში 2-3 ლიტრიდან იწყებოდა და ხშირად 8000 ლიტრამდე ადიოდა. განსაკუთრებით დიდი მოცულობის ქვევრში 2-3 "შეპყრობილი" ჩაიტანდა მცირე ტაბლას, სკამებს და ზაფხულის ხვატს ჭურში გაჩაღებული ქეიფით გაურბოდნენ. ეს იყო ალბათ, მაშინდელი მცდელობა ცივილიზაციიდან გაქცევისა, უღვინოდ და უტიკოდ რომ ვერ გაფრინდები, ესეც ცნობილია ქართული ფილმიდან...
იასონ ხუციშვილის წიგნში - "მევენახეობა საინგილოში" - ნახსენებია კახის რაიონში ჩაფლული 20-ტონიანი ქვევრი, რომელიც ალბათ, ზაფხულის ცხელ დღეებში თანამედროვე "საბანკეტო დარბაზის" ფუნქციასაც შეითავსებდა. ამ ყველაფრის ფონზე, არ მიკვირს იუნესკოს აღიარება. ჩვენში გავრცელებულ ერთ ფრთიან ფრაზასაც თუ მოვიხმობ, ქვევრში ერთხელ მოხვედრილ კაცს გიჩნდება განცდა, რომ "ბავშვობიდან აქა ზიხარ".



... იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში ბევრ საინტერესო წესს, რიტუალსა თუ ტრადიციას შეხვდებით, სომხური დუდუკით დაწყებული, ინდიელების წყევლით დამთავრებული. ისე, მეეჭვება იუნესკოს ექსპერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული წყევლის ფორმებს, ბგერწერასა და შინაარსს იცნობდნენ. რატომღაც მგონია, რომ ქართული ზეპირსიტყვიერების ამ ნიმუშებს დავიწყება არ უწერია და ნამდვილად "განწირულია" მსოფლიო აღიარებისთვის, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, როგორ გადაიღებენ მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები დოკუმენტურ ფილმებს ქართული წყევლის თავისებურებებზე და როგორი რიხით შეუდგებიან კამერების წინ "საშიში ბებიები" (დაარამარტო) წყევლა-კრულვას. ქვემოთ მორბენალი ინგლისური სუბტიტრები კი უცხოტომელებს ამცნობს ლაზათიანი ქართული წყევლის გენიალურობას... მოგვიანებით, მადლიერი შთამომავლობა დანანებით იტყვის, სანამ იუნესკომ არ აღიარა, ბებიაჩემის წყევლას ბევრი არ აფასებდაო... ვინ იცის, იქნებ ამ ნახევრად სახუმარო სცენარს მართლაც უწერია: To be continued, ჩვენ კი კიდევ ერთი საბაბი მოგვეცემა "დაკანონებული" სადღეგრძელოსთვის ჭიქის ბოლომდე დასაცლელად. ბოლომდე დაცლა აუცილებელია, წყევლამ რომ არ გვიწიოს!

დაგვიმეგობრით Facebook-ზე: Shermadini Winery • მეღვინეობა შერმადინი
 

წაიკითხეთ ასევე: შერმადინის დღიურები - შესაქმი

შერმადინის დღიურები: ტყემლოვანაში "გამოკრანჭულები"

პოპულარული ღვინოები

100.5
ალავერდი თეთრი

ალავერდი თეთრი

129
10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო  (II)

10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო (II)