ქვევრის ღვინით მოხიბლული სკანდინავიელები - კოპენჰაგენის ცნობილი სომელიეები ქართულ ღვინოს უწევენ რეკომენდაციას

26 აპრილი, 2017წ

გაზიარება

ქვევრის ღვინით მოხიბლული სკანდინავიელები - კოპენჰაგენის ცნობილი სომელიეები ქართულ ღვინოს უწევენ რეკომენდაციას

ქვევრის ღვინით მოხიბლული სკანდინავიელები - კოპენჰაგენის ცნობილი სომელიეები ქართულ ღვინოს უწევენ რეკომენდაციას

ქართული ნატურალური ღვინო პოპულარული არა მხოლოდ ე.წ. ძველ ბაზარზე, ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია, არამედ, სკანდინავიაშიც პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ, დანიის ცნობილ გამოცემებში - Politiken და Berlingske საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიები დაიბეჭდა, რომლებშიც აღწერილია დანიელი ჟურნალისტის საქართველოში მოგზაურობით მიღებულ შთაბეჭდილებები, ასევე ქართული სამზარეულოსა და სუფრის ტრადიციები. გაზეთ Politiken-ის ჟურნალისტი დანიაში ქართული ქვევრის ღვინის პოპულარობის ზრდაზე წერს.

დანიურ გამოცემა Berlingkske-ში გამოქვეყნებულ სტატიაში - „ქართული სამოთხის აღორძინება -  სუფრასთან მოქცევის კარგი მანერები და სადღეგრძელოების კულტურა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სამზარეულოსა და ღვინის ტრადიციის მქონე ქვეყანაში“,  ჟურნალისტი ვრცლად საუბრობს ქართული სუფრის ტრადიციასა და ქართული კერძების ნაირსახეობაზე, საქართველოში მოგზაურობისაგან მიღებული შთაბეჭდილებებზე, კახეთის ტრადიციულ მევენახეობასა და ვაზის კულტურაზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობაზე.

გამოცემა Politiken-ში დაბეჭდილ  სტატიაში -  „კოპენჰაგენის ბიო-ღვინის გზამკვლევი: რატომ უნდა დავლიოთ „ფორთოხლისფერი“ ქართული ღვინო“ -  აღნიშნულია, რომ ბოლო დროს კოპენჰაგენში დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ბიო-ღვინო და ამ კუთხით ღვინის მოყვარულები -  ხშირად განიხილავენ ქართულ ფორთოხლისფერ ღვინოს, რომელიც თიხის ჭურჭელში მრავალთვიანი დაძველების შედეგად მზადდება.

სტატიაში ავტორი საუბრობს ქართული ღვინის ხარისხზე და აღნიშნავს, რომ ერთი შეხედვით ქვევრის ღვინო ბოჟოლეს წააგავს. ქართულ ნატურალურ  ფორთოხლისფერ ღვინოს, კოპენჰაგენის ბარებში პოპულარული და განსხვავებული იმიჯის მქონე სომელიეები უწევენ რეკომენდაციას. ავტორი აღნიშნავს, რომ ფორთოხლისფერი ღვინის აღორძინებას იტალიას უკავშირებენ, თუმცა სინამდვილეში ღვინის დამზადების ეს ტექნოლოგია საქართველოში უკვე 5000 წელიწადზე მეტს ითვლის, სადაც ღვინის ფერმენტაციასა და დაძველებას თიხის ჭურჭლებში - ქვევრში ახდენენ.

Politiken-ის ჟურნალისტი დეტალურად აღწერს ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიას და რეკომენდაციას უწევს კოპენჰაგენში მდებარე იმ ბარებსა და ღვინის კომპანიებს, რომლებიც მომხმარებელს ქართულ, ქარვისფერი ქვევრის ღვინოს სთავაზობენ.

როგორც იცით, ქვევრის ღვინის პოპულარობამ საფრანგეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ავსტრიაშიც  ჩააღწია.  ამ ქვეყნებში ადგილობრივმა მეღვინეებმა უკვე დაიწყეს იმერეთიდან ჭურების  წაღება და ღვინის ქვევრში დაყენება. ასე რომ, სულაც არაა შორს ის დრო, როდესაც ქვევრის ღვინო ევროპისათვის ცნობილი და "შინაური" სასმელი გახდება.