ჭონას მარანი

24 ნოემბერი, 2020წ

გაზიარება

ჭონას მარანი

ჭონას მარანი

allwine.ge ჭონას მარნის მფლობელს და ამავდროულად ანსამბლ ალილოს წევრს მიხეილ ჭონიაშვილს  ეწვია სტუმრად. 

ჭონას მარანი გახლავთ საოჯახო მარანი რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში. მარანში ღვინის დაყენება ხდება საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნით. ვენახი, რომლის ფართი შეადგენს 2 ჰექტარს, მდებარეობს წინანდლის მიკრო ზონაში, სოფელ კურდღელაურში, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. ჭონას მარნის მიმართულება გახლავთ ქვევრის ნატურალური ღვინის წარმოება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვენახის მოვლას, რაც ხდება სრულად ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. ღვინის დაყენების, ვინიფიკაციის დროს არ ხდება დამატებითი კომპონენტების შეტანა ღვინოში.

 

  • როგორ გაჩნდა ღვინო თქვენს ცხოვრებაში?

როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ჩვენს ოჯახშიც ქართული სუფრის ფენომენი განსაკუთრებული იყო და შესაბამისად ტრადიციული კახური წესით დაყენებული ღვინოც მისი თანამდევი გახლდათ. ასე, რომ ქარული სუფრა, სიმღერა და ღვინო ბავშვობიდან ორგანული გახლდათ ჩემთვის და ალბათ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემს ცხოვრებაში ღვინის გაჩენა და მისი პირველი დაგემოვნებაც. ღვინო ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა ქართულ მრავალხმიან სიმღერასთან, ალბათ აქედან გამომდინარეც დავუკავშირე ჩემი ცხოვრება ღვინოსა და სიმღერას   

 

 

                                                            

 

 

  • მოგვიყევით ჭონას  მარნის შესახებ, საიდან დაიწყო თქვენი მარნის ისტორია?

ჩვენს ოჯახში ტრადიციულად იწურებოდა ღვინო ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის. ჩვენს მიერ დაწურულ ღვინოს ყოველთვის დიდი მოწონებას იმსახურებდა, თუმცა კომერციული კუთხით ადრე არ გვიფიქრია. დაახლოვებით 10 წლის წინ გამიჩნდა იდეა, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოკიდებოდი. გავაშენეთ ვენახი სოფელ კურდღელაურში (წინანდლის მიკრო ზონა) ჩავყარეთ თეთრი ჯიშები რქაწითელი, კახური მწვანე და ქისი, შევქმენით საოჯახო ბრენდი „ჭონას მარანი“ რა სახელითაც ისხმება და გამოდის ბაზარზე ჩვენი ღვინო

 

  • საიდან გაჩნდა ღვინის სფეროში ჩართვის ინიციატივა და რამდენი ხანია რაც ბაზარზე აქტიურად გამოჩნდით?

ჩემს მიერ ვენახის ჩაყრა დაემთხვა ქარვისფერი ღვინის განვითარების ე.წ “მოძრაობას” (რომელსაც შემდგომში ერთერთმა უცხოელბა ჟურნალისტმა და მწერალმა Amber Revolution -უწოდა.) გაჩნდა მცირე საოჯახო მარნები რომლებმაც დაიწყეს ნატურალური ქვევრის ღვინის ბოთლში ჩამოსხმა. ეს ჩემთვისაც გარკვეულწილად სიახლე იყო რადგან ადრე, თუნდაც ჩემს ბავშვობაში, ქვევრის ნატურალურ ღვინოს თითქმის ვერ შეხვდებოდით ბოთლში ჩამოსხმულს. მხოლოდ სახლში თუ შევხვდებოდით ასეთ ღვინოებს, თუმცა იქაც ხშირად ღვინის ხარისხი არ იყო მთლად სახარბიელო. ეს გახდა ჩემი ინტერესის სფეროც. 

ამ პერიოდში ჩემი მეგობრის, მამუკა კიკვაძის მეშვეობით (რომელიც ასევე ანსამბლი ალილოს წევრი გახლდათ, ამჟამად თავადაც მეღვინეა და „სამთავისის მარანი“-ს დამფუძნებელი გახლავთ) გავიცანი ამ საქმის ე.წ პიონერები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქვევრის ნატურალური ღვინის დაბრუნებაში, ბოთლში ჩამოსხმასა და მის პოპულარიზაციაში. ესენი გახლდნენ სოლიკო ცაიშვილი, იაგო ბიტარიშვილი, ძმები ჯაყელები, ზურაბ მღვდლიაშვილი და კიდევ ბევრი სხვა. მათივე ინიციატივით და საერთო ინტერესიდან გამომდინარე გავხდი ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“-ს წევრი, რომელიც მართავს ყოველწლიურად ნატურალური ღვინის ფესტივალებს Zero Compromise (თბილისში) და Amerimer-ს (ქუთაისში)

 

 

                                                       

 

  • რა ფაქტორები იყო გადამწყვეტი თქვენთვის, რომ ქვევრები ჩაგეყარათ და ღვინის წარმოება დაგეწყოთ?

როგორც ზემოთ მოგახსენეთ ჩვენ ოჯახში ტრადიციულად ქვევრში ვაყენებდით ღვინოს. 2015 წლიდან, ბაზარზე გამოჩენასთან ერთად გახდა გაფართოვების საჭიროებაც, რომელსაც ეხლაც განვაგრძობთ. ამჟამად გვაქვს დაახლოვებით 20 ტონის ქვევრი სადაც ვაყენებთ ღვინოს. გვაქვს კახური წარმოების ქვევრები, ძირითადად ახალი, დამზადებულია სოფელ ვარდისუბანში  

 

  • თქვენ ცნობილი მომღერალი და ანსამბლ ალილოს სოლისტი ბრძანდებით, რამდენად რთულია შეუთავსოთ ერთმანეთს ორი პროფესია, მეღვინის და მომღერლის?

მართალი გითხრათ მე პროფესიითა და აკადემიური განათლებით არც მუსიკოსი გახლავართ და არც მეღვინე, თუმცა ეს ორი საქმიანობა გახდა ჩემს ცხოვრებაში ის საყვარელი საქმე, რასაც ამჟამად ვემსახურები მთელი სულითა და გულით. ამ საქმეში მე უფრო პრაქტიკოსი გახლავართ. ჩემი ინტერესიდან გამომდინარე მუდმივად ვეცნობი შესაბამის ლიტერატურას, გავიარე ღვინის სააგენტოში, ღვინის სკოლა „ვინემო“-ში მევენახეობა-მეღვინეობის კურსები, ასევე სხვადასხვა ტრენინგი ამ მიმართულებით. გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო პროფესიონალი მეღვინე, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, ვისთანაც მაქვს მუდმივი კონტაქტი. მუდმივად ძიებასა და ექსპერიმენტებში ვარ, ვიკვლევ სხვადასხვა ტიპის ღვინოებს მის დაძველებასთან ერთად, როგორც ორგანოლეპტიკურად ასევე ლაბორატორიულად. 

ასე რომ ამ მიმართულებით განვითარება და სრულყოფა არასდროსაა გვიანი.

 

სიმღერა გახლდათ ჩემი ღვინოსთან დაახლოვების მთავარი ინსპირაცია, ასე რომ ჩემთვის სადაც ღვინოა იქაა სიმღერაც. უკვე 20 წელიწადია რაც ალილოში ვმღერი. 

ამ ანსამბლს შესანიშნავი მომღერალი და პიროვნება გურამ თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა და როგორც სიმღერისადმი ასევე ღვინისადმი ჩემი სიყვარული მისი დიდი დამსახურებაცაა. 

 

                                                 

 

 

  • თქვენი მარანი რამდენი სახეობის ღვინოს, არაყს და ჭაჭას აწარმოებს?

ვაწარმოებთ 5-6 ტიპის ღვინოს, რომელიც გახლავთ როგორც სუფთა ჯიშური ღვინოები, ასევე კუპაჟები. ჩვენი ღვინოები მზადდება კახური ტრადიციული მეთოდით, ღვინის ჭაჭაზე დავარგებით შესაბამისად ყველა გახლავთ მშრალი ღვინო.

ვაწარმოებთ: რქაწითელს, კახურ მწვანეს, მწვანე&რქაწითელს, ქისს, ქისი&მწვანეს, ჩინური&რქაწითელსა და საფერავს

 

ვხდით ჭაჭასაც, გვაქვს შესაბამისი მარაგი, თუმცა ჯერჯერობით სარეალიზაციოდ არ გვაქვს გამოტანილი. უკვე შექმნილია შესაბამისი ეტიკეტი, შერჩეული ბოთლი და უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება ბაზარზე „ჭონას მარნის“ ჭაჭა.

 

 

 

                                                                   

 

 

  • გაქვთ თუ არა თქვენი ვენახები თუ ყურძენს მევენახეებისგან ყიდულობთ? აქცენტს ძირითადად რომელ ჯიშებზე აკეთებთ?

როგორც მოგახსენეთ, გვაქვს საკუთარი ვენახები სადაც გაშენებულია თეთრი ყურძნის ჯიშები, რადგან წინანდლის მიკრო ზონა ამ ჯიშებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ტერუარია. რაც შეეხება წითელ ღვინოს, საფერავს ვიმატებთ მუკუზნის მიკრო ზონიდან

 

  • წლის განმავლობაში ჭონას მარანი  რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს?

ამჟამად ვაწარმოებთ წელიწადში საშუალოდ 14 000 ბოთლს. აღსანიშნავია რომ პირველი ჩამოსხმა დაახლოვებთ 700 ბოთლი იყო. ზრდა განაპირობა, როგორც ადგილობრივმა ბაზარმა, ასევე საექსპორტო მოთხოვნამ. 

ქვევრის ღვინოს სჭირდება დავარგება, ამიტომ ჩვენთვის, ისე როგორც სხვა მცირე მარნებისთვისაც მუდმივი პრობლემა იყო ღვინის დეფიციტი. როდესაც ყველაზე საუკეთესო კონდიციაში იყო ღვინო, მაშინ გვითავდებოდა და ვერ ვახერხებდით მის დავარგებას 1 წელზე მეტი დროით. წარმოების გაზრდამ ამ მხრივაც ძალიან კარგი შედეგი მოგვცა, რადგან შევძელით ღვინის მარაგის შექმნა.

 

  •  გეგმავთ თუ არა სამომავლოდ წარმოების გაზრდას და თუ აპირებთ რა არის ამის საფუძველი?

გარკვეული ზომით ალბათ კიდევ შესაძლებელია გაზრდა, თუმცა ამ ტიპის მევენახეობა-მეღვინეობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდო იმ ზომამდე, სადამდეც ღვინის დაყენებისა, თუ ვენახის მოვლაში პირადად იქნები ჩართული. გაზრდის საფუძველი გახლავთ მოთხოვნის საკმაოდ სწრაფი ზრდა ძირითადად საზღვარგარეთიდან 

 

 

                                                       

 

 

 

  • საქართველოში რა სახის და კატეგორიის ობიექტებზე შედის თქვენი პროდუქცია?

ჭონას მარნის ღვინო წარმოდგენილია ნატურალური ღვინის მაღაზიებსა და ბარებში (8000 მოსავალი, ჯივინო, ვაინ ანდერგრაუნდი, ღვინის ბიბლიოთეკა, ასევე რესტორნებშიც, ძირითადად თბილისში ქალაქის ცენტრში და ტურისტულ უბნებში, მაგრამ არა დიდი რაოდენობით.

 

  • რომელ ქვეყნებში გაგაქვთ ექსპორტზე ღვინო და მაღალალკოჰოლური სასმელები და რა რაოდენობით?

2017 წლიდან დავიწყეთ ექსპორტი როგორც აშშ-ში ასევე ევროპის ქვეყნებში. დღესდღეობით წარმოდგენილი ვართ აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და დანიაში

 

  • როგორ იმოქმედა არსებულმა პანდემიამ თქვენს გაყიდვებზე?

ადგილობრივ ბაზარზე პანდემიამ საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა, რადგან სრულად ჩავარდა ტურისტული სეზონი, ძირითადად ამ პერიოდში იყიდებდა ღვინო ქალაქის ტურისტულ უბნებში, ასევე ჩვენს მარანში, თუმცა ეს დააკომპენსირა საზღვარგარეთის მოთხოვნამ, რადგან გამოჩნდა მოთხოვნა ახალი ქვეყნებიდან და ასევე არსებულ საექსპორტო ქვეყნებშიც გაიზარდა მოთხოვნა. 

 

 

 

  • წლევანდელ რთველს როგორ შეაფასებდით?როგორი მოსავალი იყო?

წელს სამწუხაროდ ჩვენი ვენახების ნაწილი დაისეტყვა, რამაც საკმაოდ გვაზარალა, თუმცა გადარჩენილი ნაწილიდან საკმაოდ კარგი მოსავალი მივიღეთ. წელს ყურძენი გვიან შემოვიდა, გაუჭირდა შაქრის დაგროვება, მაგრამ დაველოდეთ შესაბამის პერიოდამდე, სანამ შაქარი არ მიაღწევდა სასურველ ნიშნულს. 

 

  • რა რაოდენობის და რომელი ჯიშის ყურძენი მიიღეთ წელს?

წელს დაწურული გვაქვს რქაწითელი, კახური მწვანე, მწვანე&რქაწითელი, ქისი, ჩინური&რქაწითელი, ქისი&მწვანე და საფერავი. თეთრი ჯიშები ჭაჭასთან ერთად დალუქულია ქვევრში და გაიხსნება გაზაფხულზე, ხოლი საფერავი დაახლოვებით 45 დღის გასვლის შემგედ მოვაცილეთ ჭაჭიდან და ამჟამად ღვინო ვარგდება ქვევრში.

 

 

                                                            

 

  • აუცილებელია თუ არა სახელმწიფო ეხმარებოდეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებს და მარნებს?

ჩემი აზრით საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და ქართული ღვინის ნიშა მსოფლიო ბაზარზე ძირითადად ქვევრის ღვინოა, რაც უკვე აღიარეს როგორც იუნესკომ ასევე მრავალმა მეცნიერმა თუ ღვინის გამოცემამ. აქედან გამომდინარე ქვევრის ღვინის განვითარება და მისი გამრავალფეროვნება ძირითადად მცირე მარნებში უნდა მოხდეს. ამ მრხივ საწყის ეტაპზე აუცილებელია სახელმწოფოს მხრიდან ამ დარგის სტიმულირება და ბევრი მცირე მეწარმის გამოჩენა ბაზარზე, რაც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ქვევრის ღვინის ხარიხს კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანს. ასევე მნიშვნელოვანია ჯიშური მრაფალვეროვნების კიდევ უფრო წარმოჩენა, რადგან ამ მხრივ საქართველოს სვადსხვა კუთხეებში დიდ სიმდიდრეს ვფლობთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, რაც დაინტერესებულ მეწარმეებს მისცემს მეტ განათლებას ამ მიმართულებით. ჯამში კარგი იქნება სახელმწიფოს მხრიდან იქნეს შემუშავებული დროში გაწერილი განვითარების პროგრამა, რაც ბიძგს მისცემს მცირე მეწარმეებს, რომლებიც შემდეგ დამოუკიდებლად განაგრძობენ მუშაობას და განვითარებას.

ასევე ძალიან კარგი და შედეგის მომცემი იქნება მეტი მარკეტინგული აქტივობა საერთაშორისო ბაზრებზე, მცირე მარნების ხელშეწყობა ღვინის ფესტივალებსა და კონკურსებზე, დეგუსტაციები და სხვა აქტივობები. 

 

  • თქვენ თუ დაგეხმარათ სახელმწიფო რაიმე კუთხით?

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამების მეშვეობით (დანიის განვითარების ფონდი - „ახალგაზრდა მეწარმე“  და აწარმოე საქართველოში) შევიძინე მარნისთვის საჭირო ინვენტარისა და ქვევრების ნაწილი, რაც დამეხმარა მარნის განვითარებაში. 

 

  • როგორი იქნება მომავალი წელი ქართველი მეღვინეებისთვის?

იმედია მომავალი წლისთვის დარეგულირდება პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები და მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ამის გარდა საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო დიდ ინტერესი ჩნდება ქართული ღვინის მიმართ და იმედია საექსპორტო მიმართულებაც უკეთესი ტემპით გაიზრდება 

 

  •  თქვენ მარანს რა გეგმები და მიზნები გაქვთ მომდევნო წლისთვის? გეგმავთ თუ არა აქტიურ მარკეტინგულ მუშაობას გაყიდვების გასაზრდელად?

მომავალი წლისთვის ვაპირებთ კიდევ მეტ დივერსიფიკაციას და  რამოდენიმე საექსპორტო ბაზრის დამატებას როგორც ევროპაში ასევე აზიაში. წელს საკმაოდ დიდი ინტერესი იყო აზიის ქვეყნებიდან ჩვენი ღვინის მიმართ და მომავალ წელს ვფიქრობთ რომ დავიწყოთ მცირე რაოდენობით ექსპორტი, ასევე ვაპირებთ საქართველოში ჰორეკას მიმართულებით განვითარებას. 

 

  • თქვენი აზრით როგორი პოტენციალი აქვს საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოებს?

ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე და განსაკუთრებით ნატურალურ ქვევრის ღვინოს, რადგან აღნიშნული სტილი და გემო ახალია უცხო ბაზრისთვის. ძალიან ბევრი უცხოელისთვის, რომელსაც არ აქვს გასინჯული ქვევრის ქარვისფერი ღვინო, სასიამოვნო სიურპრიზია ხოლმე პირველი დაგემოვნება. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საკმაოდ ბევრჯერ მომიწია აშშ-ში ვიზიტი. აშკარად თვალში საცემია რომ ბევრ ღვინის მაღაზიაში უკვე ცალკეა გამოყოფილი ქართული ღვინის კუთხე, საფრანგეთთან, იტალიასთან, ესპანეთთან ერთად, რაც ნამდვილად მიუთითებს ქართული ღვინის მოთხოვნაზე. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საკმაოდ დიდი დამსახურება ამ საქმეში მიუძღვის Georgianwinehouse-ს და მის დამფუძნებელს მამუკა წერეთელს, რომელიც საკმაოდ კარგ პრომოუშენს უწევს ქართულ ღვინოს ამერიკაში. 

ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოდგენილი ვიყო ტრადიციულ, კონსერვატიულ ღვინის ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია. 

ევროპაშიც ნელი ტემპით მაგრამ მაინც იზრდება ინტერესი ქართული ღვინის მიმართ.

  •  რას რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს ვისაც მარნის აშენების და ვენახის გაშენების სურვილი აქვთ?

ვურჩევდი პირველ რიგში ჩამოყალიბდნენ შინაგანად რამდენად ახლოსაა ეს საქმიანობა მათთვის? შემდეგ ვურჩევდი რომ გადაწყვიტონ რა ტიპის ღვინის წარმოება უნდათ, რადგან მცირე მარნების პირობებში, ძალიან რთულია სხვადასხვა ტიპის ღვინის წარმოება. ნუ მოკიდებენ ამ საქმიანობას მხოლოდ კომერციული მოგების გამო ხელს. თუ ამ ყველაფერში დარწმუნებული არიან მაშინ გადადგან ნაბიჯი და წარმატება აუცილებლად მოვა დროთა განმავლობაში 

 

წარმატებებს გისურვებთ !!!

 

 

ილიკო კილაძე

 

პოპულარული ღვინოები

41.95
საფერავი - I LOVE YOU

საფერავი - I LOVE YOU

63
საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი

9.9
ფიროსმანი

ფიროსმანი

წითელი ნახევრად ტკბილი