რუსეთში მევენახეობის და მეღვინეობის შესახებ ახალი კანონი მიიღეს - როგორ აისახება ის ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტზე?

08 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

რუსეთში მევენახეობის და მეღვინეობის შესახებ ახალი კანონი მიიღეს - როგორ აისახება ის ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტზე?

რუსეთში მევენახეობის და მეღვინეობის შესახებ ახალი კანონი მიიღეს - როგორ აისახება ის ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტზე?

თუ მეწარმე ბრძანდებით, მარანი გაქვთ და საკუთარი ბიზნესის რუსეთის ბაზარზე მორგებას გეგმავთ, ამიერიდან ახალი რეგულაციის გათვალისწინება მოგიწევთ. საქმე ეხება “რუსეთის ფედერაციაში მევენახეობის და მეღვინეობის შესახებ” ახალ კანონს, რომლის თანახმად ბოთლის ეტიკეტზე წარმოშობის ადგილის და ყურძნის მოსავლის თარიღის მითითება სავალდებულო გახდა.

ახალი კანონი ეხება არამხოლოდ ღვინოს, არამედ კონიაკს და ზოგიერთი სახეობის შამპანურსაც.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენად არის ქართული ღვინის ინდუსტრია მზად, შეასრულოს რუსული კანონმდებლობის ახალი მოთხოვნა. როგორც კომპანია ბადაგონში განგვიცხადეს, ისინი აქამდე ისედაც უთითებდნენ წარმოშობის ადგილს და ყურძნის მოსავლის თარიღს. ამიტომ მათი ღვინის ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში ახალი საკანონმდებლო მოთხოვნა ვერ შეაფერხებს, ხოლო ღვინის ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, რომ საქართველოში დამზადებული ალკოჰოლური სასმელების 90 %-ს ისედაც მითითებული აქვს წარმოშობის ადგილი და ყურძნის მოსავლის თარიღი, ხოლო დანარჩენი 10 %-დან, ვინც გადაწყვეტს, რომ საკუთარი პროდუქცია გაიტანოს რუსულ ბაზარზე, აუცილებლად დაემორჩილება კანონის ახალ მოთხოვნას და ეტიკეტზე წარწერას აღნიშნული მოთხოვნის სრული დაცვით შეადგენს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საქართველოში პროდუქტის ექსპორტისთვის დამზადებისას ყოველთვის ხდება იმ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინება, სადაც აღნიშნული პროდუქტი უნდა ჩაიტანონ.

ასევე დაგაინტერესებთ: რუსეთის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, ღვინის ქართულ კომპანიებს თავიდან უწევთ ბრძოლა

ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ღირს ქართული ღვინო ყველაზე ძვირი?

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ძალიან მაღალი ტემპებისა, რაც გასულ წლებში დაფიქსირდა, რუსეთი დღემდე წარმოადგენს ქართული ღვინის გასაღების ძირითად უცხოურ ბაზარს. სწორედ რუსეთზე მოდის ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 58,3 %, როგორც ამას 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემები მოწმობს. 62,562 მლნ დოლარი - ასეთია რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის საერთო ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამო 5 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

მთლიანად ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს რაც შეეხება, მათი ექსპორტის საერთო ღირებულებამ 2020 წლის პირველ ნახევარში რუსეთში 111 მლნ დოლარი შეადგინა.

დავით ჩუთლაშვილი