რა პრინციპით მუშაობს დაბერების საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც წითელ ღვინოს გააჩნია? - კვლევამ ახალი შედეგები აჩვენა

15 აპრილი, 2020წ

გაზიარება

რა პრინციპით მუშაობს დაბერების საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც წითელ ღვინოს გააჩნია? - კვლევამ ახალი შედეგები აჩვენა

რა პრინციპით მუშაობს დაბერების საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც წითელ ღვინოს გააჩნია? - კვლევამ ახალი შედეგები აჩვენა

დღემდე უამრავი კვლევაა ჩატარებული წითელ ღვინოში არსებული პოლიფენოლის - რეზვერატროლის სასარგებლო თვისებების შესახებ. თუმცა კვლევები გრძელდება და მეცნიერები სულ უფრო მეტ გასაოცარ აღმოჩენას აკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ წარმოებული კვლევაც სწორედ რეზვერატროლს ეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი ამ ნივთიერების ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. დოქტორი ჰენრი ბეალი ეძებს დაბერების საწინააღმდეგო პოტენციალის მქონე სუბსტანციას და მეცნიერმა კვლევის პროცესში გაარკვია, რომ რეზვერატროლი ჰორმონი ოსტროგენის სტიმულირებას ახდენს, რათა ადამიანის სხეულმა დაბერების საწინააღმდეგო პროტეინები (ეგრეთ წოდებული სირტუინები) მოიყვანოს მზადყოფნაში, რასაც შეუძლია, ასაკით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს აღუდგეს წინ.

კვლევა პრესტიჟულ “Scientific Reports“-ში უკვე გამოქვეყნდა და ის მთლიანად ეძღვნება სირტუინების გამააქტიურებელ ქიმიურ კავშირებს საკვებ პროდუქტებში, მათ შორის კი რეზვერატროლს.

უნდა ითქვას, რომ სირტუინები დღეს მეცნიერებისთვის მთელ მსოფლიოში იმედისმომცემ სამიზნედ იქცა. სწორედ მათი მეშვეობით ცდილობენ მკვლევარები დაბერების პროცესის შენელებას. სირტუინებს ადამიანის ორგანიზმი თავად აწარმოებს და ჩანს, ამ ნივთიერებების უნარი, მოახდონონ გავლენა ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, შთამბეჭდავია. სწორედ ეს ნივთიერება იცავს ადამიანს სიმსუქნის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, კიბოს და კარდიოვასკულარული და ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან. ამიტომ წლების მანძილზე ჰქონდათ დასახული მიზნად იმ მეცნიერებს, რომლებიც დაბერების წინაღმდეგ მუშაობენ, გაერკვიათ, თუ რა განაპირობებდა ორგანიზმში სირტუინების წარმოების სტიმულირებას.

ამჟამინდელმა კვლევამ ცხადყო, რომ მცირე კონცენტრაციის მქონე რეზვერატროლი ოსტროგენს ეხმარება გამოყოფაში, ხოლო დიდ დოზებში პირიქით, ანტიოსტროგენად გადაიქცევა და სირტუინების სიგნალებს თრგუნავს.

სწორედ იმიტომ არის წითელი ღვინო უნიკალური სითხე, რომ ის რეზვერატროლს ზუსტად იმ მცირე რაოდენობით შეიცავს, რაც ოსტროგენის გამოსამუშავებლად არის საჭირო.

როგორც დოქტორი ბეალი ამბობს, საშუალო სტანდარტების ერთი ჭიქა ღვინო 0,5-დან 1 მილიგრამამდე რეზვერატროლს შეიცავს და გასაოცარი რაც არის, დაახლოებით იგივე კონცენტრაციაა საჭირო ოსტროგენების გასააქტიურებლადაც.

ბეალის თქმით, სწორედ ამიტომ, წითელ ღვინოს შეუძლია, დაეხმაროს ადამიანს სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა იმედისმომცემია, კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმ მიმართულებით, რომ დამზადდეს წითელ ღვინოზე გაცილებით უფრო ეფექტური პრეპარატი, რაც სიბერის დამარცხებას შეძლებს. ამ ეტაპზე კი მკვლევარი ურჩევს ღვინის მოყვარულებს, წითელ ღვინოსთან ერთად ჯანსაღი კვებითაც დაკავდნენ, რაც კიდევ უფრო უკეთ დაეხმარება ორგანიზმს სიბერის და დაავადებების წინაააღმდეგ ბრძოლაში.

ბევრი რამ ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული, თუმცა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ კვლევის შედეგები ყველასთვის, მათ შორის კი ღვინის მოყვარულებისთვის დადებითი და მრავლისმეტყველი იქნება.

დავით ჩუთლაშვილი