ქართულ ქარვისფერ ღვინოს შესაძლოა სპეციალური ღვინის ტექნოლოგიის კატეგორია მიენიჭოს

09 იანვარი, 2020წ

გაზიარება

ქართულ ქარვისფერ ღვინოს შესაძლოა სპეციალური ღვინის ტექნოლოგიის კატეგორია მიენიჭოს

ქართულ ქარვისფერ ღვინოს შესაძლოა სპეციალური ღვინის ტექნოლოგიის კატეგორია მიენიჭოს

“ქართულ ქარვისფერ ღვინოს სპეციალური ღვინის ტექნოლოგიის კატეგორია წელს თუ არა, 2021 წელს მაინც მიენიჭება”, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ საქართველოს “პირველი არხის” გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

“საკმაოდ წინ ვართ წაწეული ამ პროცესში. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია წელიწადში ორჯერ იკრიბება და გარკვეულ საკითხებზე მსჯელობს. ჩვეულებრივად, რაღაცა რეზოლუციის მიღებას რამდენიმე წელი სჭირდება. იქ რამდენიმე საფეხურია, რომელზეც ნელ-ნელა ავდივართ და ჩვენი მოლოდინით წელს თუ არა, ყველაზე გვიან მომავალ წელს ამ რეზოლუციას მიიღებენ. ოღონდ ერთი საკითხი უნდა დავაზუსტო: ჩვენ ამ ღვინოს სპეციალური ღვინის კატეგორიებში ვამკვიდრებთ არა ფერის მიხედვით, როგორიცაა მაგალითად წითელი ან თეთრი, არამედ როგორც სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც ჩვეულებრივ ღვინოს გარკვეულ უნიკალურ გემოს აძლევს. ასეთ კატეგორიებში არის ცქრიალა ღვინო, შემაგრებული ანუ ლიქიორული ღვინო, საფუარის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო და ჩვენი იქნება სწორი ტექნოლოგიური ტერმინი რომ ვთქვა – კანზე ხანგრძლივი მაცერაციით დამზადებული ქარვისფერი ღვინო“, – თქვა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აქვე საგანგებოდ აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა ქართული ღვინის ექსპორტი განვითარდეს და საქართველო ღვინის გლობალურ ბაზარზე დამკვიდრდეს საკუთარი ნიშის დაკავების გზით, მისთვის სპეციალური ღვინის ტექნოლოგიის კატეგორიის მინიჭება აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის ჯამური ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისი ფასი საშუალოდ 20%-ით გაიზარდა.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

18.39
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

10.85
წინანდალი

წინანდალი

თეთრი მშრალი