“ცისფერსისხლიანი” ჯიში, რომელიც ევროპის სამხრეთში დღემდე პოპულარულია

09 აგვისტო, 2019წ

გაზიარება

“ცისფერსისხლიანი” ჯიში, რომელიც ევროპის სამხრეთში დღემდე პოპულარულია

“ცისფერსისხლიანი” ჯიში, რომელიც ევროპის სამხრეთში დღემდე პოპულარულია

ვენახების დედოფალი ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშია, რომელიც ორი სრულიად განსხვავებული ჯიშის, დედოფალ ელისაბედის და ჩაბას მარგალიტის ხელოვნური შეჯვარების გზით წარმოიშვა. ეს მოხდა 1916 წელს, როცა უნგრელმა სელექციონერმა, იანოშ მატიაშმა ის სასუფრე ყურძნის ეფექტური მოსავლის მიღების მიზნით გამოიყვანა.

ვენახების დედოფალი უაღრესად პოპულარულია ჩვენი კონტინენტის სამხრეთში, განსაკუთრებით კი იტალიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

იტალიაში ის 4500 ჰექტარზე მოჰყავთ, ხორვატიაში 1600 ჰექტარზე, რუმინეთში კი 950 ჰექტარზე. 500-მდე ჰექტარზე ხარობს უნგრეთში, ხოლო 500 ჰექტარზე – ისრაელში.

ვენახების დედოფალი მცირე ფართობზე მოჰყავთ ავსტრიაში, უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბოლო დროს ვენახების დედოფალი ერთი ახალი ჯიშის გამოსაყვანად გამოიყენეს. ჯიშის სახელწოდებაა პალატინა.

ვენახების დედოფლის მარცვლები მომრგვალო ფორმისაა, ხანდახან ოვალური, მოყვითალო-მომწვანო, მუსკატის მსუბუქი და სასიამოვნო ტონით. მტევანი 300-დან 600 გრამამდე წონისაა. შემოდის ადრე, მაგრამ მისი დიდი ნაკლი ისაა, რომ ოიდიუმის, მილდიუს და ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ რეზისტენტული არ არის, თუმცა ყინვას კარგად უძლებს. მედეგია ასევე ფილოქსერას მიმართ.

ამ ჯიშის ყურძენი არაჩვეულებრივად გემრიელი და წვნიანია, ამიტომ ძირითადად სასუფრედ გამოიყენება. თუმცა, იმის გამო, რომ ვაზს იმუნური სისტემა ცუდი აქვს და დაავადებებს ვერ უძლებს, სულ უფრო იშვიათად ცდილობენ მის მოშენებას.

ეს ჯიში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველად 1939 წელს შემოიტანეს და უკრაინის სამხრეთში გააშენეს. მთავარი, რის გამოც მან სწრაფად მოიპოვა აქ პოპულარობა, ეს იყო უხვი მსხმოიარობა: თითო ვაზზე ვენახების დედოფლის მოსავლიანობა 6-დან 10 კილოგრამამდეა.

ვენახების დედოფლის ყურძენი ძალიან კარგად უძლებს ტრანსპორტირებას და დიდხანსაც ინახება. მაგრამ შაქრის მაღალი შემცველობა არ აქვს. ვაზი უძლებს მინუს 22 გრადუს ტემპერატურას. მგრძნობიარეა სხვადასხვა ნიადაგების მიმართ. ადგილი, სადაც ამ ჯიშის ვაზს გააშენებთ, კარგად უნდა იყოს განათებული, რადგან ვებახების დედოფალი ჩრდილს ვერ იტანს. 

მისი ღვინო არცთუ ისე მაღალი ხარისხისაა. მუსკატის არომატი გააჩნია, თუმცა შაქრიანობა დაბალი აქვს, დაბალი აქვს მჟავიანობაც და თხელია. ამიტომ ვენახების დედოფალს საღვინედ იშვიათად იყენებენ.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

19.1
ახაშენი

ახაშენი

წითელი ნახევრად ტკბილი

21.5
ქინძმარაული

ქინძმარაული

წითელი ნახევრად ტკბილი

16.95
ცოლიკოური

ცოლიკოური

თეთრი მშრალი