აგვისტოში ბათუმში ღვინის ფესტივალი ჩატარდება

24 ივლისი, 2019წ

გაზიარება

აგვისტოში ბათუმში ღვინის ფესტივალი ჩატარდება

აგვისტოში ბათუმში ღვინის ფესტივალი ჩატარდება

მიმდინარე წლის ზაფხულის უკანასკნელ თვეში, ბათუმის ძველ ბულვარში "ქართული ღვინის ფონდის" ორგანიზებით ჩატარდება "შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“, რომელიც 16 აგვისტოს დაიწყება და სამ დღეს გასტანს.

ამ სამი დღის განმავლობაში ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, გემო გაუსინჯონ ქართული ღვინის სხვადასხვა ნიმუშებს, რასაც ძველ ბულვარში ასამდე ქართული კომპანია გაიტანს.

ნიშანდობლივია, რომ ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ღვინოს და ჭაჭას უფასოდ დააჭაშნიკებენ, თუმცა დაინტერესებულ ადამიანებს იქვე შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩატანილი, მათთვის სასურველი სასმელი თავისუფლად შეიძინონ.

ღვინის და ჭაჭის წარდგენა-დეგუსტაციის პარალელურად, მოეწყობა ასევე ეთნოკულინარიული გამოფენა, სადაც წარდგენილი იქნება ქართული ჩურჩხელის, ჩირის და ყველის ბევრი სახეობა.

გარდა ამისა, ფესტივალზე იგეგმება ასევე ქართული ტრადიციული ნაწარმის ნიმუშების გამოფენა. წარდგენილი იქნება თექის, თიხის და მინანქრის პროდუქცია; იქვე სპეციალური ადგილი დაეთმობა ქართულ ტრადიციულ სამოსელს და მოხდება ოცდაათამდე თანამედროვე ქართველი მხატვრის შემოქმედების ჩვენება.

"ქართული ღვინის ფონდმა" სოციალურ ქსელში "შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალში" მონაწილეობის მსურველთათვის შესავსები სპეციალური განაცხადის ფორმა ატვირთა, საიდანაც ირკვევა, რომ სამი დღის მანძილზე, 16, 17 და 18 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება 150 ლარი ეღირება, ხოლო რეგისტრაციის ვადა 9 აგვისტოს იწურება.

ბათუმის ძველ ბულვარში, აგვისტოში დაგეგმილ ღონისძიებათაგან "შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი" იმით გამოირჩევა, რომ ის იმ უამრავ ტურისტს, რომლებიც ყველაზე ჭარბად სწორედ წლევანდელი ზაფხულის სეზონში იმყოფებიან ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ქართული ხელოვნების ნიმუშების და ქართული ღვინის უფრო ახლოს, "პირველი ხელიდან" გაცნობის შესაძლებლობას მისცემს და პროდუქციის უშუალო მწარმოებლებთან შეახვედრებს.

მსგავს ღონისძიებებს წარსულში ყოველთვის ახლდა დაინტერესება ტურისტების მხრიდან და სავარაუდოდ, არც ეს ღონისძიება იქნება ამ მხრივ გამონაკლისი, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, ის უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო და ქართველი მწარმოებლებისთვის შესაძლებლობა მიეცა, დაინტერესებული პირებისთვის უფრო დიდხანს წარედგინათ საკუთარი ნაწარმი. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდა მხატვრებს, ხელოსნებს და ღვინის დამწყებ მწარმოებლებს, რომლებიც ტურისტულ ზონებში გამართული მსგავსი ღონისძიებებით რბილად რომ ვთქვათ, დიდად განებივრებულები არ არიან.

დავით ჩუთლაშვილი

პოპულარული ღვინოები

32.05
ქისი ქვევრის

ქისი ქვევრის

11.17
ტვიში

ტვიში

თეთრი ნახევრად ტკბილი

13
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

12.5
კაბერნე-საფერავი

კაბერნე-საფერავი

41.95
საფერავი - Happy Valentine's Day

საფერავი - Happy Valentine's Day