ვაზის საუკეთესო ჯიში და მისი ღვინო, რომელმაც ხილის დაუვიწყარი არომატებით მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა პოპულარობა

01 ივლისი, 2019წ

გაზიარება

ვაზის საუკეთესო ჯიში და მისი ღვინო, რომელმაც ხილის დაუვიწყარი არომატებით მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა პოპულარობა

ვაზის საუკეთესო ჯიში და მისი ღვინო, რომელმაც ხილის დაუვიწყარი არომატებით მთელ მსოფლიოში მოიხვეჭა პოპულარობა

გრენაშ ნუარი თანამედროვე მსოფლიოში კაბერნე სოვინიონს ბევრად არ ჩამოუვარდება პოპულარობით. 182 000 ჰექტარზე გაშენებული ეს საოცრება მე-5 ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ წითელყურძნიან ჯიშებს შორის (კაბერნე სოვინიონის, მერლოს, ტემპრანილოს და შირაზის შემდეგ).

ეს ჯიში გრენაშ ნუარად მოიხსენიება, რათა განსხვავება გრენაშ ბლანისგან (რომელიც ასევე ვაზის ჯიშია) ცხადად იქნას წარმოჩენილი.

ალბათ მხოლოდ სახელიც გვეუბნება, რომ ეს ჯიში ძირითადად საფრანგეთშია გაშენებული – მსოფლიოს გრენაშ ნუარის ფართობების 50 %-ზე მეტი, რაც 92 000 ჰექტარს შეადგენს, საფრანგეთზე, კერძოდ კი მის სამხრეთზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ აქ თითქმის არ არსებობს ამ ჯიშის სუფთა ღვინო: აქ ის კუპაჟდება ძირითადად შირაზთან და მურვედრთან ერთად.

ძალიან კარგი მაგალითი გრენაშ ნუარის უზომო პოპულარობისა არის შატონიოფ-დიუ-პაპი. ამ რეგიონში აღნიშნული ჯიში სავენახე ფართობების 72 %-ზე ხარობს.

მაგრამ მხოლოდ საფრანგეთი არ არის გრენაშ ნუარის სამშობლო. გარდა საფრანგეთისა, ამ ჯიშის ყურძნისგან საუკეთესო ღვინოებს ესპანეთშიც აწარმოებენ, სადაც გრენაშ ნუარი 70 000 ჰექტარზე ხარობს. ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან უდიდესი ალბათობით მისი სამშობლო სწორედ ესპანეთია და მხოლოდ მოგვიანებით ჰპოვა ამ დიდებულმა ჯიშმა თავისი ახალი სახლი საფრანგეთში.

ესპანეთში გრენაშ ნუარის ღვინოს საფრანგეთისგან განსხვავებით არ აკუპაჟებენ სხვა ჯიშების ღვინოებთან ერთად. აქ მას სუფთა სახით ასხამენ ბოთლებში. აქ მას გარნაჩას უწოდებენ, თუმცა სახელგანთქმულ პრიორატში – ისევე, როგორც საფრანგეთის სამხრეთში – აკუპაჟებენ სხვა ჯიშის ღვინოებთან ერთად, ხოლო ეს სხვა ჯიშები აქ კაბერნე სოვინიონი და შირაზია.

გრენაშ ნუარს სარდინიაზე კანონაუს უწოდებენ.

ავსტრალიასა და ამერიკაში გრენაშ ნუარს შირაზთან აკუპაჟებენ.

გრენაშ ნუარის ღვინოს მარწყვის, მაყვლის და ბლის არომატები აქვს, რაც ესოდენ დაუვიწყარს ხდის მას ღვინის ჭეშმარიტი მოყვარულებისთვის.

ესპანეთში ტემპერატურული რეჟიმიდან გამომდინარე მეტი ალკოჰოლი აქვს, ვიდრე საფრანგეთში.

გრენაშ ნუარი უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში ბევრად უფრო ცინცხალი, სუფთა და არომატული დგება, ვიდრე ხის კასრებში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ვაზის ასაკს დიდი მნიშვნელობა ენიჭება; როგორც საფრანგეთში, ასევე ესპანეთში არსებობს გრენაშ ნუარის 80 წლის ან უფრო მაღალი ასაკის ვაზი, რომელიც ისეთივე უხვმოსავლიანობით გამოირჩევა, როგორც ახალგაზრდა ვაზი და ძალიან კომპლექსურ და კარგად სტრუქტურირებულ ღვინოს წარმოქმნის.

საბოლოო ჯამში ტანინების, ალკოჰოლის და მჟავიანობის შემცველობით სხვა ჯიშებთან შედარებით გრენაშ ნუარის ღვინო საშუალო საფეხურზე დგას, თუმცა ეს მას ხელს სულაც არ უშლის, უზომო პოპულარობით სარგებლობდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დავით ჩუთლაშვილი