სად მდებარეობდა უძველესი მექვევრეობის ცენტრები საქართველოში

12 სექტემბერი, 2018წ

გაზიარება

სად მდებარეობდა უძველესი მექვევრეობის ცენტრები საქართველოში

სად მდებარეობდა უძველესი მექვევრეობის ცენტრები საქართველოში

ღვინის დადუღებისა და შენახვის პრაქტიკაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა თიხის ქვევრებსა და ჭურებს, რომლებიც შეუცვლელი ჭურჭელი იყო ყველა ეპოქის მეღვინეობისათვის. ჭურის მოხსენიება მარანთან ერთად – ჭურ-მარანი – თავისთავად გვიხასიათებს ამ ჭურჭლის უდიდეს მნიშვნელობას. ჭურების დამზადების ხელოსნური ტრადიციები მუდამ მაღალ დონეზე იყო ჩვენში. მათთვის ვარგისი თიხა საქართველოში თითქმის ყველგან მოიპოვებოდა, მაგრამ ყველაზე განთქმული ცენტრები ჩამოყალიბდა: იმერეთში – ჩხირაული, ნავარძეთი, ბოსლევი, შროშა; ქართლში – ცხავატი, უნლევი, მეჯვრისხევი; გურიაში – აკეთი, აცანა; ლეჩხუმში – საიმე, ზუბი, ოფიტარა; სამეგრელოში – მუხური, კვარი, ჭკადუაში, კორცხელი და სხვ. ამ ცენტრებიდან ერთ ნაწილში დღემდეა შესაძლებელი ჭურ-ქვევრების დამზადების შესახებ სრულყოფილი ეთნოგრაფიული მასალის მოძიება.

ჭურები სიდიდის მიხედვით ხარისხდებიან: დიდი ჭური, ლაგვა – საშუალო ჭური და მათზე პატარები – ქვევრა, ქოცო, ლახუტი, ყვიბარი და სხვ. ჭურის მარანში ჩაგდებისას იცოდნენ მისი კირ-ხსნარით და ქვებით დაკირვა, რომელიც გამძლეობასაც აძლევდა მას და აგრეთვე ზედმეტი ტენისაგან იცავდა. მიღებული წესი იყო ჭურის გასანთვლაც. ჭურების სარეცხად იყენებდნენ გრძელ ტარზე წამოცმულ ბლის კანების მრავალფენიან სარცხებს, ხოლო ჩასავალ ჭურებში – ასეთივე მასალისაგან დამზადებულ მოკლე ტარიანებს. ჩვეულებრივ, დიდი ჭურების გასარეცხად გამოიყენებოდა ერთ კონად შეკრული და მორკალული კრაზანას ცოცხები. ჭურის კარგ გასუფთავებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან პირდაპირ ღვინის გემოსა და ხარისხზე აისახებოდა, რეცხვა გრძელდებოდა მანამ, სანამ ნარეცხი წყალი თიხის ფერი არ გახდებოდა.

იმერეთში, სადაც მარანი თითქმის ღია ცის ქვეშაა განლაგებული, ჭური ზემოდან იგლისებოდა კარგად დამუშავებული და დაზელილი თიხა-მიწისაგან, რათა მასში წვიმა არ ჩასულიყო. აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ღვინოს წვიმის საშიშროება  არ ემუქრებოდა, ქვევრს სიპ ქვას ადებდნენ ზემოდან, მერე ნაჭერს ან სუფთა ტყავს გადააფარებდნენ და მიწას მიაყრიდნენ. მშრალ ადგილებში, როგორც წესი, იცოდნენ ჭურის ტალახით დაგოზვა.

დაგლესილი და თავდახურული ჭური დროთა განმავლობაში სულ აღარ ჩანდა მიწის პირზე. მისი სამყოფელი მხოლოდ პატრონმა იცოდა, განძივით იყო შენახული, უზარმაზარ სიკეთეს ინახავდა და თავის ჟამს ელოდა.

ეგვიპტიდან საბერძნეთს მიმავალმა ქსენოფონტემ თავისი ლაშქრით მოსინიკების მიწაზე გაიარა, სადაც თავდაგლესილი ჭურები უნახავს. ქართველური მოდგმის ტომები მამაცურად ხვდებოდნენ მოძალადე ბერძნებს, მაგრამ თუ ისინი წესიერად მოიქცეოდნენ, მიწაში დამალულ ღვინოსაც სთავაზობდნენ, რაც მათ სამართლიან გაკვირვებას იწვევდა, რადგან ღვინის შენახვის ასეთი წესი ბერძნებისათვის სრულიად უცხო ყოფილა. საერთოდ, ქვევრებში ჩასხმული ღვინო საუკეთესოდ ინარჩუნებს თვისებებს, კარგად სუნთქავს, თანაბარი ტემპერატურის პირობებშია და ამავე დროს დაცულია არაკეთილმოსურნე პირისაგან – მტერი იქნება იგი თუ უბრალოდ ქურდბაცაცა.

პოპულარული ღვინოები

25
კაბერნე-სოვინიონი

კაბერნე-სოვინიონი

თეთრი მშრალი

10
მუკუზანი

მუკუზანი

წითელი მშრალი

10.2
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი