რომელი ქართული ღვინოები შევუხამოთ ცნობილ ევროპულ კერძებს

20 აგვისტო, 2018წ

გაზიარება

რომელი ქართული ღვინოები შევუხამოთ ცნობილ ევროპულ კერძებს

რომელი ქართული ღვინოები შევუხამოთ ცნობილ ევროპულ კერძებს

ევროპული კერძებისა და ქართული ღვინის შეწყვილება ცნობილი და გამოცდილი სომელიეებისთვისაც კი ხშირად მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. სირთულის უმთავრების მიზეზი მაინც ისაა, რომ ტრადიციულად ქართული თუ სხვა ქვეყნის ღვინოები როგორც წესი ყველაზე კარგად იმ რეგიონის ტრადიციულ კერძებს ეხამება, სადაც იქაური საღვინე ყურძენია მოწეული და ეს "ხელშეუხებელი" ლოგიკა ყველა მხარეზე მოქმედებს დაწყებული ევროპით და დასრულებული სამხრეთ ამერიკით.

ცნობილი ამბავია, რომ დეგუსტაციის წინ, ანუ როცა ვიწყებთ ღვინოზე ტესტირებას, თეთრ ფურცელთან მიმართებაში ვამოწმებთ მის ფერს. ამ დროს პირველყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინის ფერი ძალიან ბევრ რამეს გაგვანდობს. ეს არის ღვინის ასაკი, მისი ხანდაზმულობა. ღვინის არომატი კი როგორც წესი მის ხარისხზე მეტყველებს. გარდა ამისა, ღვინის დამგემოვნებელი ამის შემდეგ გრძნობს სხვადასხვა ხილის არომატს. 

დეგუსტაციის წინ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია ღვინის ფუჟერს ჰქონდეს მაღალი ფეხი. არ არის საჭირო შევეხოთ მის ზედა ნაწილს. ის უნდა იყოს შევიწროებული, რადგან ასეთი ჭურჭელი ღვინის არომატს უკეთესად ინარჩუნებს. ამას გარდა, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჭურჭელში ღვინო მხოლოდ ერთ-მესამედს უნდა იკავებდეს. როდესაც ჭიქაში ჩასხმული ღვინო დასახელებულ რაოდენობაზე მეტია, არომატი შეიძლება დაიკარგოს.

საქართველოში ოთხი წლის წინ ჩამოსული ცნობილი ფრანგი სომელიე და გურმანი ჟერარ ბასე ღვინის მოყვარულ ადამიანებს ევროპული კერძებისა და ქართული ღვინის მის მიერ მოფიქრებულ მეტად საინტერესო შეხამებებს სთავაზობდა. მაგალითად, ფრანგულ გოგრის კრემსუპს, რომელშიც  გოგრის მარცვლებიც ფიგურირებს, ძალიან მოუხდება ქართული ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო "ტვიში". ხოლო ჭარხლის კარპაჩიოს გაუდას ყველითა და ნიგვზით- წითელი მშრალი ღვინო  "მუკუზანი“ შეეხამება.

ნიორთან და კარაქათან ერთად მომზადებულ შემწვარ კრევეტებს ლეგენდარული ქართული, ევროპულად დაყენებული თეთრი მშრალი ღვინო "წინანდალი“ მოუხდება. შემწვარ კომშსა და „პარმას“ ლორის სალათს „პარმაზანის“ ყველით, ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო - „ქინძმარაული“ შეეხამება. ხოლო შემწვარ, დამარინადებულ წიწილს ტყემლის სოუსით - ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო, სავარაუდოდ კვლავ "ტვიში" შეეხამება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ცნობილ ევროპულ კერძს - ჯოსპერში შემწვარ ორაგულის ფილე,ს წითელი ხიზილალისა და შუშხუნა ღვინის სოუსით, ცნობილი იმერული თეთრი მშრალი ღვინო "ცოლიკოური" შეუწყვილდება. უგემრიელეს ბატკნის ნეკნებს ქონდრის აჯიკით, ყველაზე გამორჩეული ქართული მშრალი წითელი ღვინო, კახური "საფერავი" უნდა შევუხამოთ. ხოლო შოკოლადის ლავას ნამცხვარს კარამელის ნაყინითა და თხილით, სასურველია წითელი ნახევრად ტკბილი "ხვანჭკარა" შევურჩიოთ.