საქართველოში ვენახების ასაკი 25-დან 30 წლამდე მერყეობს

10 მაისი, 2018წ

გაზიარება

საქართველოში ვენახების ასაკი 25-დან 30 წლამდე მერყეობს

საქართველოში ვენახების ასაკი 25-დან 30 წლამდე მერყეობს

საქართველოს ვენახები საკმაოდ ძველია. ჯერ კიდევ 15 წლის წინ, ვაზის სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ხელახლა დარგვის მაჩვენებელი. ვენახების ასაკი 25-დან 30 წლამდე მერყეობს. გასული საუკუნის, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ვენახის მოვლის დონე დაბალი იყო, ასევე არ ხდებოდა მისი ხელახალი დარგვა, რის გამოც აღნიშნული მაჩვენებელი ვაზის სიკვდილიანობის მაჩვენებელზე დაბალი იყო. 

დღეს ქართული ღვინის კომპანიები ფლობენ ან იჯარით აქვთ აღებული ვენახების ფართობის მხოლოდ 9%. ამის გამო ღვინის ქარხნებს სიძნელეები გააჩნიათ ყურძნის ხარისხისა და რაოდენობის მხრივ. მევენახეები ცდილობენ მიიღონ მოსავალი და მიაღწიონ მაღალ სარეალიზაციო ფასებს, ღვინის ქარხნებს კი სურთ დაბალ ფასებში შეისყიდონ მოსავალი. თუმცა თანამედროვე მდგომარეობის დამახასიათებელი თვისებაა ინტერესთა კონფლიქტი ნედლეულის მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს შორის.

მევენახეობის განვითარებას საქართველოში სერიოზულად უშლის ხელს ნამყენი ნერგის წარმოების ჩამორჩენა, რასაც მევენახეობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. 1990 წელს საქართველოში 18 სანერგე მეურნეობა არსებობდა, სადაც წლიურად იწარმოებდა 15-დან 20 მილიონამდე ნამყენი ვაზი. არსებობდა ჯიშების სადედეები და საძირეები. დღეისათვის ეს ყველაფერი თითქმის მთლიანად დანგრეულია და რომ არა რამდენიმე კერძო სანერგე და მცირე საწარმო, ეს სფერო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იქნებოდა. 

ამას გარდა, აღსანიშნავია ნერგების სიძვირეც. აღნიშნული მდგომარეობა აიძულებს მევენახეებს დარგონ არსებული ვენახებიდან აღებული ყლორტები, რომლებზეც არ არსებობს ფილოქსერას კონტროლი. ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით რაიმე ზომების მიღების გარეშე, საქართველოს არ შეუძლია მოახდინოს ვენახების რეაბილიტაცია არა-სერთიფიცირებული, ვირუსიანი სავეგეტაციო მასალებით.

ფაქტია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბაზრებზე გასვლის სტრატეგიას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყურძნის ჯიშობრივი შემადგენლობა. მაგალითად, მაღალი ხარისხის წითელ ჯიშებს (საფერავი, ალექსანდროული, მუჯურეთული) ინვესტიციების დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე თეთრ ჯიშებს (რქაწითელი, ცოლიკაური, ციცქა). 1 ჰექტარი ვენახის გაშენებისათვის ინვეტსიციების ამოღების ვადა 2-5-ჯერ უფრო მოკლეა წითელი ყურძნის შემთხვევაში, ვიდრე თეთრი ყურძნის შემთხვევაში. ვენახის გაშენებისა და მოვლისათვის 15-20%-იანი სესხის აღების შემთხვევაშიც კი წითელი ყურძნის წარმოება მომგებიანია. მოგების მიღება მე-7 ან მე-8 წლიდან შეიძლება დაიწყოს, რქაწითელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კი 17 წელია.

მიუხედავად დარგში არსებული თვალსაჩინო პრობლემებისა, ფაქტია, რომ ქართული მეღვინეობა დღეს ნამდვილად აღარაა ის, რაც თუნდაც 15-20 წლის წინ იყო. მევენახეებსა თუ მეღვინეებს იმედი აქვთ, რომ ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ღვინის ხარისხზე და მსოფლიოში ქართული ღვინისადმი ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე.

იხილეთ ასევე: რამდენია ვენახების ოპტიმალური ფართობი საქართველოში და რა აფერხებს საექსპორტო ღვინის წარმოებას