ნუკრი ქურდაძე: "ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანია მოვნახო ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინის და მოდერნის შეხების წერტილები"

29 მარტი, 2018წ

გაზიარება

ნუკრი ქურდაძე: "ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანია მოვნახო ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინის და მოდერნის შეხების წერტილები"

ნუკრი ქურდაძე: "ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანია მოვნახო ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინის და მოდერნის შეხების წერტილები"

ქართული ნატურალური ღვინის სეგმენტში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი მარანი ერთობ საინტერესო სახელით "ფაფრის ველი". მარანი ნუკრი ქურდაძეს ეკუთვნის, რომლიც მეურნეობას და ღვინის წარმოებას მეუღლესთან და შვილთან ერთად უძღვება. ის ღვინის სპეციალისტია და როგორც იტყვიან, ამ სასმლის საიდუმლოებებს "ძირისძირობამდე" ფლობს. "ფაფრის ველი"-ს ღვინო დღეს ოთხ ქვეყანაში გადის: იაპონიაში, აშშ-ში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში. ნუკრი ქურდაძე თავისი მარნის, ღვინის და მეღვინეობის მსოფლმხედველობაზე გვესაუბრება.

– მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. როგორც ვიცი მთელი ოჯახი ჩართული ხართ მეღვინეობაში...

"ფაფრის ველი" საოჯახო მეურნეობაა, რადგან ოჯახის წევრები ერთმანეთის თანამოაზრეები ვართ. ჩემი მეუღლე, ქეთი ორგანიზაციულ საქმიანობას უძღვება, ასევე "ენოლოგიური" შეფასების დროსაც მეხმარება. ღვინის შეგრძნების ძალიან კარგი უნარი აქვს. ჩემი შვილი, სანდრო უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მოგვარებაში გვეხმარება და როდესაც არდადეგებზე საქართველოში ჩამოდის მარნისა და ვენახის მოვლის საქმეში აქტიურადაა ჩართული. სანდრო სტუდენტია, მატემატიკა - ფილოსოფიის მიმართულებით სწავლობს. ჩემი პირველი პროფესია ფიზიკაა, თუმცა "ფაფრის ველის" საქმიანობაში აქტიურად ჩართვამდე ერთ-ერთ ტრანსნაციონალურ კომპანიაში ვმუშაობდი, Pernod Ricard-ის აღმოსავლეთ ევროპის ფილიალში.

სხვადასხვა დროს ჩაბარებული მქონდა 8 დასავლური ქვეყნის სხვადასხვა გლობალური ღვინის ბრენდების მარკეტინგი, ვიყავი მათი ამბასადორი (მათ შორის 6 წლის განმავლობაში ქართული ღვინის ბრენდები "თამადა" და "ძველი თბილისი"). მას შემდეგ, რაც ვენახების ფორმირება დასრულდა და უკვე საკუთარი ყურძნისგან ღვინის გამოშვება შემეძლო, საქართველოში დავბრუნდი.

– როდის მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საკუთარი მარანი უნდა გაგეკეთებინათ. რამდენადაც ვიცი .. ნატურალური მეღვინეობის პრინციპებს აღიარებთ. გვიამბეთ ამის შესახებაც.

2000 წლის დასაწყისში, რამდენიმე წლის განმავლობაში ვეძებდი ადგილს ჩემი მიზნების განსახორციელებლად. ჩაფიქრებული მქონდა ბუნებრივი და არა ინდუსტრიული ღვინის შექმნა. მთავარი ამ დროს რა თქმა უნდა ვაზია - ამ სიტყვას აქ კრებით ხასიათს ვანიჭებ და ვგულისხმობ ადგილს, ნიადაგის შემადგენლობას, ჯიშს, მოვლის მეთოდებს და ა.შ.

მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რა სახის პრობლემების გადალახვა მომიწევდა. კახეთში ვენახების დიდი წილი გაშენებულია იქ, სადაც საუკუნის წინ მიწას სხვა კულტურებისთვის იყენებდნენ და არა ვენახისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ვენახის მთიდან ბარისკენ "გადაადგილების" პროცესი დიდი ხანია დაიწყო და დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ მოშენებული ვენახების უმეტესობა საბჭოთა პერიოდის იყო. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ საქართველოში არ ვცხოვრობდი. ბოლოს გამიმართლა და ახლობლების რჩევით ახაშენში "ფაფრის მინდვრები" მოვინახულე.

2004 წლიდან დავიწყე "ფაფრის მინდვრებზე" ვენახების შეძენა, მოშენება და მოვლა. არასწორი ფორმირება, გასხლვის მეთოდი, ნიადაგის დამუშავებისა და შეწამვლის ინტენსიურობა და ხარისხი, ვაზის გადაწოლის მეთოდი, არაკულტურული ვაზის შერეული ჯიშები (ე.წ. უწამლი) - ეს არის არასრული ჩამონათვალი, რის გამოც მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე - გამეჩეხა უიმედოდ მიშვებული ძველი ვაზი. მხოლოდ ის ნაწილი დავტოვე, რომელსაც გამოსწორების შანსი ქონდა.

მარტივი ბიზნეს სქემის თვალსაზრისით, ეს არ იყო რაციონალური გადაწყვეტილება, ვენახების მდებარეობის სპეციფიკიდან და საქართველოს ღვინის კანონის თანახმად შემეძლო პირველივე წელს გამომეშვა სამი ადგილწარმოშობის ღვინო "ახაშენი", "მუკუზანი" და "გურჯაანი".

მიუხედავად ბიო სტატუსისა, ბიო დინამიკის და ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის ელემენტებსაც ვიყენებ. ამ სამი მიმდინარეობის გათვალისწინებით ჩემ მეთოდს ვიმუშავებ. მევენახეობა-მეღვინეობაში ერთი კონკრეტული მიმართულების მომხრე არ ვარ. ერთადერთი რასაც ვაღიარებ - ეს არის ღვინის ბუნებრივი ხასიათი. ვცდილობ ვენახის მოვლისას ნაკლები ზიანი მივაყენო გარემოს და შეძლებისდაგვარად ჩემ ვენახებში ბუნებრივი, ეკო ბალანსი აღვადგინო.

მარნის მშენებლობა მას შემდეგ დავიწყე, როცა უკვე შემეძლო ჩემი ვენახიდან მოწეული ყურძნით ღვინო დამემზადებინა. მარანი უშუალოდ ვენახშია ჩადგმული. ფაქტიურად ეს არის პირველი მარანი-დომენი ფაფრის მინდვრების ზონაში, სადაც ერთ სივრცეშია განლაგებული ვენახი, მარანი, სარდაფი და ჩვენი საცხოვრებელი სივრცეც.

–  გვიამბეთ ადგილზე, სადაც ვაზი გააშენეთ. რითია გამორჩეული თქვენი სოფელი მეღვინეობის კუთხით?

– ფაფრის მინდვრების შესახებ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩემთვის ეს არის ადგილი, რომელიც ცნობილ ფრაზას ამართლებს "კარგი ღვინო მხოლოდ ლამაზ ადგილზე მოშენებული ვაზისგან შეიძლება შეიქმნას". კავკასიონის მთავარი ქედის პანორამა, რომელიც ჩემი მარნიდან იშლება საოცარია. აქ ხვდები რატომ უწოდებდნენ ძველი ბერძნები კავკასიონს სამყაროს დასასრულს. აქ ერთმანეთზეა "დადებული" სამი მეღვინეობის ზონა: მუკუზანი, ახაშენი და გურჯაანი. რელიეფი გაჭენებული ცხენის ფაფარს მოგაგონებთ, ჩემი ღვინის ლოგოც ამ პრინციპით ავარჩიე. ეს სანდროს, ჩვენი შვილის ნახატია როცა ის 7 წლის იყო.  ცხენი არ არის კლასიკური პროპორციის კანონებით შესრულებული და ჩემი აზრით, ჩვენი ღვინის ხასიათს კარგად გამოხატავს.

ღვინოს ძირითადად რომელ ჭურჭელში აყენებთ. თქვენი აზრით რითია გამორჩეული ქვევრი და რა მომავალი აქვს ამ ჭურჭელს მსოფლიოში?

– ქვევრის შესახებ ბევრ ახალს ვერაფერს მოგახსენებთ, ვთვლი რომ ილია ჭავჭავაძის ნაშრომები ქვევრის ღვინის შესახებ ამომწურავია და დღემდე საოცრად თანამედროვედ და აქტუალურად ჟღერს. ის ფაქტი, რომ ქართველები ათასწლეულების მანძილზე ამ უნიკალური მეთოდის ერთგული დავრჩით, მართლაც გაოცებას და დიდი პატივისცემას იმსახურებს.

–  რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინოები?

– ჩვენ მიერ დარეგისტრირებული ბრენდის სახელით ვუშვებ ღვინოს "ფაფრის ველი" (Papari Valley).  ღვინოს, 3 ქვევრის ტერასა, "რქაწითელი", "ფაფრის ველი" - 3 ქვევრის ტერასა "საფერავი". ორი სახეობის ჯიშს ვხმარობ: საფერავს და რქაწითელს. ექსპერიმენტის სახით 2016 წლის   რქაწითელთან ვინტაჟში ჩინური ვიხმარე, ასე შეიქმნა ჩინური-რქაწითელი, რომელსაც "ქართლ-კახეთი" დავარქვი. ტერმინი "ტერასა" დაკავშირებულია იმ ერთ-ერთ ინოვაციასთან, რაც ჩემ მარანში განვახორციელე - ეს არის სამ იარუსიანი ქვევრების სისტემა, სადაც ღვინის მოძრაობა გრავიტაციული მეთოდით სრულდება.

 

ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანია მოვნახო ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინის და მოდერნის შეხების წერტილები ისე, რომ არ დავაზიანო და სახე არ დავუკარგო მთავარს - ქვევრის ღვინის იდეას. მოდერნში მე არ ვგულისხმობ მხოლოდ კრეატიულ და ტექნიკურ გადაწყვეტას, ეს უფრო საშუალებაა,  პირველ რიგში იგულისხმება  ორგანოლეპტიკა, სტილი, ხასიათი. 

დაბოლოს, თქვენი აზრით, მცირე მარნებს რა როლი აკისრიათ ქართული მეღვინეობის განვითარებაში?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ქვევრის ღვინის "რენესანსი", რაზეც დღეს საუბრობენ მცირე მარნების აქტიურობით დაიწყო და განსაკუთრებით რუსეთის ემბარგოს გამოცხადების შემდეგ დაჩქარდა. საქართველოში მცირე მარნების რიცხვი კატასტროფულად მცირეა. მაგალითად, თუ შევადარებთ საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს და ზოგადად, ნებისმიერ ღვინის მწარმოებელ ქვეყანას, აქ ღვინის წარმოების ძირითადი წილი სწორედ მცირე და საშუალო მევენახეობა-მეღვინეობას უკავია. ბოლო დროს ინტენსიურად ვითარდება ეს მიმართულება და დარწმუნებული ვარ ამ სეგმენტის წილი საგრძნობლად გაიზრდება.

ლევან სეფისკვერაძე

იხლეთ ასევე: ვახუშტი მენაბდის "ჩხავერი ჭურში" - რა ტექნოლოგიებით აყენებს ღვინოს ცნობილი კონსტიტუციონალისტი

 

 

 

პოპულარული ღვინოები

15.95
საფერავი კაბერნე

საფერავი კაბერნე

34.95
საფერავი

საფერავი

წითელი მშრალი

23.95
რქაწითელი კახური

რქაწითელი კახური

თეთრი მშრალი