"ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო"

27 მარტი, 2018წ

გაზიარება

"ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო"

"ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო"

XVII საუკუნის დიდი ქართველი მწერალი, მოგზაური, მკვლევარი და პოლიტიკური ფიგურა, სულხან-საბა ორბელიანი თავისი ლექსიკონისა და სამოგზაურო ჩანაწერების გარდა, იგავ-არაკებითაცაა ცნობილი.

ვფიქრობთ, სულხან-საბას ტექსტებში ღვინო, მეღვინეობა-მევენახეობა და ზოგადად, ღვინის კულტურა კარგად არის წარმოდგენილი. არის შემთხვევები როდესაც იგი ევროპულ ღვინოს და მეღვინეობას ქართულს ადარებს, რის შედეგადაც საინტერესო დასკვნებიც გამოაქვს. ზემოთ ხსენებულ თემას შემდეგში დავუბრუნდებით, ახლა კი მწერლის ორ იგავს შემოგთავაზებთ, რომლებიც იმ დროინდელი საქართველოს მეღვინეობასა და მემარნეობას კარგად გამოხატავენ.

ღვინის ძალა

სულთან სალიმ ჰკითხა ვაზირსა მისსა: ვინცავინ კაცნი ღვინოს რად სმენ, რომე ყოველი ავი სიმთვრალეს მოაქვსო? 

ვაზირმან მოახსენა: ღვინოს ავისაგან კარგიც უმრავლესი შეუძლიან. ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო. 

მოასხმევინა სამნივე ხეიბარნი ფადიშაჰმან და პირისპირ დასხნა და ასვეს ღვინო. რა დაითრო, თქვა ბრმამან: ღმერთო, ადიდე ხელმწიფე, რა კარგსა და წითელს ღვინოს გვასმევსო! 

საპყარმან უწყინა და უთხრა: ვისთან უბნობ? ხელმწიფის მზემან, ესრეთს წიხლს ჩაგაზელ, გვერდი მოგტეხოო! 

გლახაკმან უთხრა უპოვარმან: მოჰკალ და სისხლს მე გარდვიხდიო! 

ვაზირმან მოახსენა: 

- აჰა, ბედნიერო ხელმწიფეო, ღვინოს ესე ყოველი შეუძლია. ან მან რით ნახა, ან იგი რით გალახევდა, ან ეს სისხლს რით მისცემდა? 

- ჰე, შენ, რუქავ! შენც ხომ მათსაებრ ხეიბარი ხარ და ღვინოც, ვეჭვობ, გესვას, თვარა ეგრეგვარსა რა გამბობინებს?

მეპატრონე და მემარნე

ერთი მეპატრონე შევიდა მარანსა თვისსა ნახვად ღვინისა. ნახა ქვევრის პირსა ერთი ჯამი იდგა. ჰკითხა მემარნესა: 

- რად დგას ჯამი ესე აქა? 

მან მოახსენა: რაოდენჯერ შემოვალ თითოს ამით ღვინოს შევსვამო. 

ეწყინა მეპატრონესა და ეგრე თქვა: ჩემი ღვინო ამა კაცსა აუოხრებიაო. 

და ერთი კაცი სხვა დაუყენა თავსა, რომე მაგოდენს ღვინოს ნუ ასმევო. 

მეორეზე რა შევიდა მარნად, ნახა ორი ჯამი იდგა ქვევრთან. ჰკითხა მემარნესა: ეს რა უნდა იყოსო? 

მან მოახსენა: ერთი ჩემია, რომლითა ვსვემდი და მეორე მაგ ჩემს ამხანაგს მოუნდება, ახლა რომე დამიყენეო.