ლუიჯი პირინდელოს მოთხრობა, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი “ქვვერი“ გადაიღეს

13 მარტი, 2018წ

გაზიარება

ლუიჯი პირინდელოს მოთხრობა, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი “ქვვერი“ გადაიღეს

ლუიჯი პირინდელოს მოთხრობა, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი “ქვვერი“ გადაიღეს

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ქვევრი" ცნობილი იტალიელი დრამატურგისა და მწერლის, ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. (სცენარის ტექსტი რეზო გაბრიაძემ დაამუშავა) როგორც ცნობილია, პირანდელოს ტექსტში თიხის ჭურჭელი (ამფორა) არა ღვინის, არამედ ზეთისხილის შესანახად გამოიყენება. ჩვენს მკითხველს სრულად ვთავაზობთ ლუიჯი პირანდელოს ამ მოთხრობას.

ქვევრი

წელს ზეთისხილის დიდი მოსავალი იყო. მოხდენილი, გამძლე ჯიშის ხეები, რომლებსაც შარშანაც უხვად ჰქონდათ ნაყოფი, მიუხედავად იმისა, რომ ნისლებმა ყვავილობაში მიუსწროთ, უფრო გამაგრდნენ.

ლოლო ძირაფას კვოტე პრიმოსოლეს ფერმაში ზეთისხილი თავზესაყრელი ჰქონდა; იფიქრა, მარანში რომ ხუთი ქვევრი მაქვს, შეიძლება ზეთისთვის არ მეყოსო, ჰოდა, ერთი, გაცილებით უფრო დიდი ქვევრი კიდევ შეუკვეთა სანტო სტეფანო დი კამასტროში. "მაღალ, ბრგე კაცს მკერდამდე რომ მისწვდებოდა, ისეთი, განიერი მუცლით და დიდებული, იმ ხუთ ქვევრთან მხედართმთავარივით გამოჩნდება", - ფიქრობდა დონ ლოლო.

ამ ქვევრის გამო, რასაკვირველია, დიდხანს ეკამათა იქაურ მექოთნეს. თუმცა ვინმე კი იყო იმ სოფელში, დონ ლოლო ძირაფასთან რომ არ ეკამათა? ნებისმიერ წვრილმანზე ჩხუბობდა, ქვა რომ ჩამოვარდნილიყო ქვითკირის გალავნიდან, ყვირილს დაიწყებდა, ახლავე ჯორი შემიკაზმეთ, ქალაქში უნდა წავიდე საჩივლელადო.

გერბიანი ქაღალდების ყიდვას ქვეყანა ფული შეალია. მეზობლებთან წარამარა ჩხუბით ადვოკატების კარი აეტალახებინა, არც სასამართლო ხარჯების გაღებაზე იხევდა უკან. ჰოდა, ყოველივე ამან, ბოლოს და ბოლოს, ძირაფა გააკოტრა. ამბობდნენ, ადვოკატმა, რომელიც დაღალა მისმა წამდაუწუმ მისვლამ - დონ ლოლო ხომ კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც მიაკითხავდა, - გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა და კანონთა კრებული აჩუქა, რომელიც შესახედავად ლოცვანსა ჰგავდა. ახლა შენ თვითონ ეძებე იურიდიული საფუძვლები იმ სარჩელისთვის, რომელიც გინდა აღძრაო.

ისინი, ვისთანაც ნაჩხუბარი იყო, ადრე მის გასამასხარავებლად, როგორც ოდნავ რამეს რომ შენიშნავდნენ, მოჰყვებოდნენ ხოლმე ყვირილს: "ჯორი შეკაზმე!" ახლა კი ამის ნაცვლად ისმოდა: "აბა, შენს კანონთა კრებულს დაეკითხე!"

დონ ლოლოც პასუხობდა: - აუცილებლად, და ყველას თავებს წაგაცლით, ძაღლის ლეკვებო!

ახალი ქვევრი, რომელშიც ოთხი უნცია1 ნაღდი ფული გადაიხადა, დროებით მარანში დადგეს, სანამ სარდაფში ადგილს მოუნახავდნენ. ასეთი ქვევრი ჯერ არავის ენახა, ამიტომ ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა ამ ობმოკიდებულ მჟავე და მწარე სუნით გაჟღენთილ სოროში, სადაც ჰაერი არასოდეს იწმინდებოდა.

ორი დღეა მოსავლის აღება დაიწყო და დონ ლოლოს სიქა სძვრებოდა, აღარ იცოდა, რომელი ერთისთვის მიეხედა, ხან დღიურ მუშებს მივარდებოდა, რომლებიც ზეთისხილს კრეფდნენ, ხან მეჯორეებს, სასუქი რომ მოეზიდათ მინდორზე მოსაყრელად, სადაც გაზაფხულზე ლობიო უნდა დაეთესათ. ურცხვად იგინებოდა და ყველას განურჩევლად ემუქრებოდა, გაგანადგურებთ, ბუღს აგადენთ, ერთი ცალი ზეთისხილიც რომ დამაკლოთო; სულ სათითაოდ მაქვს დათვლილი, როცა ჯერ კიდევ ხეზე ნაყოფები ესხაო. აბა, გაბედეთ და სასუქი თანაბრად არ მოაყაროთო! უზარმაზარი თეთრი ქუდი ეხურა, საყელო გადაეღეღა, ჭარხალივით გაწითლებულიყო, გაოფლილიყო, ერთიდან მეორესთან დარბოდა. მგელივით წვრილ თვალებს აკვესებდა და ნერვიულად ისრესდა ახალგაპარსულ ლოყებს, რომელზეც სამართებლის გასმისთანავე ახალი ბალანი ამოეწვერებოდა ხოლმე.

მესამე დღეს ძველმანებში გამოწყობილი სამი მუშა შევიდა მარანში, კიბეებისა და ჯოხების დასატოვებლად და გაოცებისგან პირდაღებულები ერთ ადგილზე გაქვავდნენ - ახალ ქვევრს კარგა დიდი ნაწილი ჰქონდა ჩამოტეხილი.

- ერთი ამას შეხედეთ, ამას!

- ვინ მოატეხა?

- დედაო ღვთისმშობელო! ვინ გაბედავს და ვინ ეტყვის ამას დონ ლოლოს? მთლად ახალი ქვევრი, რა საშინელებაა!

პირველმა, რომელსაც ყველაზე მეტად შეეშინდა, ურჩია: კარი გამოვხუროთ და ჩუმად გავიძურწოთ, კიბეები და ჯოხები კი გარეთ, კედელზე მივაყუდოთო.

მაგრამ მეორე შეედავა: - შენ რა, გაგიჟდი? მერე დონ ლოლოს რაღა ვუყოთ? იფიქრებს, რომ ჩვენ გაგვიტყდა ეს ქვევრი. ჯობია ფეხი არ მოიცვალოთ, აქ იდექით!

მარნიდან გამოვიდა, ხელები პირთან მიიტანა, მილივით მოამრგვალა და იყვირა: - დონ ლოლო, ეი, დონ ლოლო!

დონ ლოლო ამ დროს მთის ძირში დღიურ მუშებს ედგა თავზე, მიწას სასუქს რომ აყრიდნენ, და, როგორც ყოველთვის, გაცოფებული აქნევდა თეთრ ქუდს. ბოლოს ისე მაგრად ჩამოიფხატა თავზე, რომ ვეღარც მოიხადა.

ცაზე დაისის უკანასკნელი სხივიც გაქრა, საღამოს ბინდი მსუბუქი სიგრილით ეშვებოდა მიწაზე, გარშემო კი ისევ გაისმოდა ძახილი: - დონ ლოლო! ეი, დონ ლოლო-ო-ო!

როცა, ბოლოს და ბოლოს, დონ ლოლო მივიდა და ნახა, რა უბედურება დასტყდომოდა თავს, კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ჯერ სამივეს ეცა, მერე, მსხვერპლი ამოირჩია, ერთ-ერთს სწვდა და კედელზე გააკრა, თან უყვიროდა: - მადონას სისხლს ვფიცავ, არ შეგრჩებათ ეს!

დანარჩენმა ორმა გააშველა. გარშემო ტეტია, ცარიელი სახეების დანახვაზე მთელი რისხვა საკუთარ თავზე დაიტეხა, ქუდი მიწაზე დაანარცხა, ლოყები ჩამოიკაწრა, ფეხების ბაკაბუკი ატეხა და თან ისე მოსთქვამდა, ჭირისუფლები რომ დასტირიან მიცვალებულს.

- ახალთახალი ქვევრი! ოთხი უნცია ნაღდი ფული დამიჯდა! ერთხელ მაინც გამომეყენებინა!

ერთი გამაგებინა, ვინ გატეხა! თავისით ხომ არ ჩაიმტვრეოდა? ალბათ, ვინმეს ჯავრი ჰქონდა, ან შეშურდა და იმიტომ გატეხა! მაგრამ როდის ან როგორ მოხდა ეს? არავითარი კვალი არ ჩანს! იქნებ მექოთნისგან გატეხილი მოიტანა? არა, მაშინ ზარივით ხმა ჰქონდა.

გლეხებმა რომ შენიშნეს, პირველმა რისხვამ გადაუარა, ბატონის დამშვიდებას შეუდგნენ - ქვევრი შეიძლება დაწებდესო. არც ისე ცუდად არის გატეხილი, მხოლოდ ერთი ნატეხი აქვს მომტვრეულიო! აი, ძია დიმა ლიკაზიმ სასწაულმოქმედი წებო გამოიგონა, საიდუმლოს არავის უმხელსო. ისეთი წებოა, რომ გამაგრდება, ჩაქუჩითაც ვეღარ მოაცილებ. თუ დონ ლოლო თანახმაა, ხვალვე დილაადრიან ძია დიმა ლიკაზი აქ გაჩნდება და ერთ წუთში ქვევრს ახლანდელს დაამსგავსებსო.

ლაპარაკით დონ ლოლოს კარგა ხანს ვერაფერი შეასმინეს: ქვევრს აღარაფერი ეშველება, ვეღარ გამთელდებაო. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, დაითანხმეს და მეორე დღეს, მთლად ალიონზე, ზურგზე იარაღით სავსე კალათა გადაკიდებული ძია დიმა ლიკაზი გამოცხადდა.

დიმა ლიკაზი წელში მოხრილი მოხუცი იყო, მახინჯი. დაგრეხილი ხელები ბებერი ზეთისხილის ხეს მიუგავდა. უთქმელი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი, სიტყვას ვერ დააძვრევინებდით. უჟმური ხასიათი ან იმის გამო ჰქონდა, რომ ძალიან ბევრი სნეულება გადაეტანა, ან იმიტომ, რომ ვერავინ უგებდა და ვერ აფასებდა ღირსეულად გამომგონებლობის არაჩვეულებრივ ნიჭს. არადა, ძია დიმა ლიკაზს სურდა, მის ნაცვლად მის საქმეებს ელაპარაკათ, თანაც ძალიან ფრთხილობდა, სულ ყურებგაფაციცებული, რომ, ღმერთს არ ექნა და, საიდუმლო არ მოეპარათ.

- მაჩვენეთ ერთი ეგ წებო, - ამ სიტყვებით შეეგება მოხუცს დონ ლოლო და უნდობლად აათვალიერ-ჩაათვალიერა.

ძია დიმამ ამაყად გააქნია თავი უარყოფის ნიშნად.

- საქმე გიჩვენებთ.

- მერე, კარგად დააწებებს?

ძია დიმამ კალათა მიწაზე ჩამოდგა; იქიდან გახუნებული, დაკეცილი დიდი წითელი სახვევი ამოიღო, ნელ-ნელა დაიწყო გაშლა და ყველას ყურადღება მიიპყრო. ხოლო როცა, ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ადგილას გატეხილი და თოკით გადაბმული სათვალეც მოირგო, ამოიქშინა; გარშემო ყველას ხარხარი აუტყდა. ძია დიმა სულ არ დაბნეულა, ხელები გაიწმინდა, სათვალე გაიკეთა და ყურადღებით გასინჯა ფარდულის ძირას გამოტანილი ქვევრი, მერე კი თქვა: - კარგად დაწებდება.

- არ მჯერა, რომ მარტო ეგ წებო დაიჭერს, - შეედავა ძირაფა. - აქ სამაგრებიც იქნება საჭირო.

- მაშინ მე მივდივარ, - მოკლედ მოუჭრა ძია დიმამ, წელში გასწორდა და კალათი მხარზე შეიგდო.

დონ ლოლო ხელში სწვდა: - საით? ეგ არის თქვენი პირობა? შეხედეთ ერთი, რა სახით დგას, შენ რა, კარლოს დიდი ხარ, თავზე ბუზს არ იფრენ? შე წყეულო, ვირო! მე შიგ ჩასხმას ვაპირებ, ზეთმა კი შეიძლება გაჟონოს. მთელი მილის სიგრძის ბზარი აქვს, ეს კიდევ დამდგარა და მარწმუნებს, მარტო წებო ეყოფაო! ამას სამაგრებიც დასჭირდება. წებოც და სამაგრებიც. აქ მე ვარ უფროსი.

ძია დიმამ თვალები დახუჭა, ტუჩები მოკუმა, თავი გააქნია: აი, ყოველთვის ასე ხდება! არასოდეს აცლიან, თავისი ნამდვილი ხელოვნება აჩვენოს, რომ ყველამ შეძლოს მისი წებოს ღირსების შეფასება.

- თუ ქვევრი ახალივით არ იბრწყინებს... - თქვა მან.

- აღარაფერი გამაგონო, - შეაწყვეტინა დონ ლოლომ. - სამაგრები-მეთქი. მე წებოს ფულსაც გადავიხდი და სამაგრებისასაც. რა ეღირება ორივე?

- თუ მარტო წებოში...

- ჯანდაბას შენი თავი, რა ჯიუტი ყოფილხარ! - შეჰყვირა ძირაფამ. - რამდენჯერ გაგიმეორო, სამაგრები მინდა-მეთქი? კარგი, მერე მოვილაპარაკოთ. შენთან ყბედობა ფუჭი თავის ტკივილი და დროის კარგვაა.

უთხრა და წავიდა, რომ ენახა როგორ აპატივებდნენ მინდორს.

შეურაცხყოფილი და დაბოღმილი ძია დიმა საქმეს შეუდგა. ბრაზი ქვევრის ყოველ გაბურღვაზე ემატებოდა. ნატეხსა და ქვევრს სათითაოდ ხვრეტდა, რომ შიგ მავთული გაეტარებინა. ყოველ გახვრეტაზე ბუზღუნებდა და თან სულ უფრო და უფრო უწევდა ხმას. სახე დაგროვილი ბოღმით მთლად გამწვანებოდა, თვალებში კი რისხვა ჩასდგომოდა. მოსამზადებელი სამუშაო რომ დაამთავრა, გაბრაზებულმა ბურღი კალათში ჩაუძახა; მოტეხილი ნაწილი თავის ადგილას მიადო, რომ შეემოწმებინა, სწორად იყო თუ არა გეკეთებული ხვრელები; მერე იმდენი მავთული გაწყვიტა, რამდენიც სამაგრად დასჭირდებოდა და ერთ-ერთ გლეხს უხმო, რომელიც თვალებგაფართოებული მიშტერებოდა.

- ნუ გეწყინება, ძია დიმა! - უთხრა მან, კაცის სახეს რომ შეხედა.

ძია დიმამ გაბრაზებით ჩაიქნია ხელი, მერე რკინის ყუთი გახსნა, იქიდან წებო ამოიღო და ისე გააქნია, თითქოს თავის გამოგონებას მხოლოდ ღმერთს სწირავდა მსხვერპლად, რადგან ხალხს არ სურდა დაეჯერებინა მისი სასწაულმოქმედი თვისებების; მერე კი ნატეხს საგლესი თითით წაუსვა; აიღო გაზი, მავთულის წინასწარ მომზადებული ნაჭრები და ქვევრში ჩაძვრა, თან გლეხს დაავალა, მოტეხილი ნაწილი ისე მიადე, როგორც ამ წუთას მე გავაკეთეო. სანამ მავთულებს ჩაიტანდა, გლეხს ქვევრიდან გამოსძახა: - მთელი ძალით გასწიე, გასწიე! ხომ ხედავ, არ სცილდება. მით უარესი მათთვის, ვისაც არ სჯერა! დაარტყი! დაარტყი! აბა, ნახე, ძველებურად წკრიალებს თუ არა, მაშინაც კი, როცა მე შიგნით ვზივარ? წადი, წადი, შენს ბატონს მოახსენე.

- ეჰ, ამ ბატონკაცებს რას გაუგებ, ძია დიმა! - ამოიოხრა გლეხმა. - ეს არის ჩვენი ხვედრი. გამომაწოდე სამაგრები.

ძია დიმამ გაუყარა სამაგრები და გაზით ბოლოებს დაუწყო გრეხვა.

მთელი საათი მოანდომა ამ საქმეს. ოფლად იღვრებოდა მოხუცი. თან მუშაობდა და თან წუწუნებდა, გლეხი კი გარედან ამხნევებდა.

- აბა, ახლა ამოსვლაში მომეხმარე, - უთხრა ბოლოს ძია დიმამ. მაგრამ ასეთ განიერ ქვევრს ძალიან ვიწრო ყელი აღმოაჩნდა. გაბრაზებულმა ოსტატმა ეს რატომღაც მხედველობიდან გაუშვა და არ მიაქცია თავიდანვე ყურადღება. ახლა კი ხან აქეთ ეცა, ხან იქით, ამოსვლა სცადა, მაგრამ ვერაფერი გაახერხა. - გლეხი კი, იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდა, სულელივით ხარხარებდა. ეს როგორ გამოემწყვდიეო! მართლაც იმ ქვევრში აღმოჩნდა დაპატიმრებული, რომელიც საკუთარი ხელებით შეაკეთა! ახლა იქიდან გამოსვლა ერთადერთი გზით შეიძლებოდა: ისევ უნდა გაეტეხა, მაგრამ მერე რაღა გაამთელებდა!

სიცილსა და ხმაურზე დონ ლოლოც მოვიდა. ქვევრში გაჭედილი ძია დიმა გააფთრებული კატასავით ქვევრის კედლებს ეხეთქებოდა.

- გამომიყვანეთ აქედან! - ღრიალებდა მთელ ხმაზე. - რა ჯანდაბად უნდა ვიჯდე აქ! დროზე! მომეშველეთ!

დონ ლოლო გაქვავებული იდგა და შეჰყურებდა, თუმცა საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.

როგორ მოხდა ეს? შიგნით როგორ ჩარჩა? თვითონ დაიმწყვდია თავი?

ქვევრთან მივიდა და შეჰყვირა: - მოგეშველო? მერე, როგორ უნდა მოგეშველო? უტვინო, გადაღრძუებულო ბებერო, ეს როგორ მოგივიდა? სანამ ჩახვიდოდი, ვერ გაზომე? აბა, ერთი სცადე და ცალი ხელი ამოყავი ზევით... აი, ასე! თავიც ამოსწიე... უფრო ზევით... არა... ნელა!.. ჩაიწიე... მოიცა... ასე კი არა! უფრო ქვევით, ქვევით. ეს რა ჯანდაბაა! რა მოვუხერხო ქვევრს, რა მეშველება?.. ნუ ღელავთ, ნუ, ნუ! - ამშვიდებდა ყველას, თუმცა დამშვიდება თვითონ უფრო სჭირდებოდა, - ვაიმე, თავბრუ მესხმის! ჩუმად! ეს რა წარმოუდგენელი ამბავია!.. ჯორი შეკაზმეთ! - ქვევრზე თითები მიაკაკუნა და მართლა ზარივით დაიწკრიალა.

- მშვენიერია! ახალივითაა... მოიცა! - მიმართა დონ ლოლომ უნებლიე პატიმარს. - წადი, ჯორი შეკაზმე-მეთქი! - უბრძანა ერთ-ერთ დაქირავებულ მუშას, შუბლი მოიქავა და ისევ ფიქრი განაგრძო: - ერთი შეხედეთ, რა მოხდა! ქვევრი კი არა, ნამდვილი ჯოჯოხეთის მაშხალაა! მოერიდეთ!

ისევ ქვევრთან მივიდა. ძია დიმა ხაფანგში დამწყვდეული მხეცივით ბდღვინავდა.

- დაუჯერებელი რამ მოხდა, ჩემო კარგო, ამას ადვოკატი თუ მოაგვარებს. მე ჩემით ვერაფერს მოგიხერხებ. ჯორი! ჯორი! ჯორი მომგვარეთ, ქალაქში წავალ და მალე დავბრუნდები. ცოტა ხანიც მოითმინეთ. თქვენივე სასარგებლო საქმეს ვაკეთებ... ჯერ ჩუმად იყავით! მშვიდად! მე ხომ საკუთარი ინტერესებიც უნდა დავიცვა... ნება ჩემია, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. დღიურ სამუშაოში... ხუთ ლირას ვიხდი. საკმარისია?

- კაპიკიც არ მინდა! - ჭყიპინებდა ძია დიმა. - არაფერი მინდა, ოღონდ ამომიყვანეთ.

- ამოგიყვან, მაგრამ ჯერ მე დაგიქირავე და ამაში ფულს გიხდი. აი, ხუთი ლირა, გამომართვი!

ჟილეტის ჯიბიდან ფული ამოიღო და ქვევრში ჩაუგდო. მერე ფრთხილად ჰკითხა: - ჯერ არ გისაუზმია ალბათ? ახლავე მოგართმევენ პურსაც და საუზმესაც, ყველაფერს, რაც გეკუთვნის! არ გინდა? ძაღლებს დაუყარე! მე ჩემი გავაკეთე, ვიზრუნე, ახლა შენი ნებაა, როგორც გინდა, ისე მოიქეცი.

მერე კი ძირაფა ჯორს შემოაჯდა და ქალაქისკენ გასწია. გლეხებმა თვალი გააყოლეს, ისე უცნაურად და სასაცილოდ იქნევდა ხელებს, გადაწყვიტეს, აშკარად საგიჟეთში მიიჩქარისო.

საბედნიეროდ, დონ ლოლოს დიდხანს არ უცდია ადვოკატისთვის, მაგრამ თავისი ამბავი რომ უამბო, ადვოკატსაც სიცილი წასკდა. დონ ლოლო წყობილებიდან გამოვიდა.

- გთხოვთ მომიტევოთ, კი მაგრამ, რა არის აქ სასაცილო? თქვენი მოწყალებისთვის ალბათ სულ ერთია, მე კი ჩემს ქვევრსა ვდარდობ.

მაგრამ ადვოკატი მაინც ვერ წყვეტდა ხარხარს და მოინდომა, კიდევ ერთხელ მოესმინა ყველაფერი დაწვრილებით, რომ სიცილით გული მოეოხებინა.

- ქვევრში, არა? თვითონ გამოიმწყვდია თავი? მერე თქვენ, დონ ლოლო, რას ფიქრობთ ამაზე? იქ უნდა გყავდეთ?.. ხა-ხა-ხა.. ოჰო-ჰო-ჰო-ჰო... გინდათ იქ გყავდეთ გამოკეტილი, რომ ქვევრი არ გატეხოთ?

- ვითომ რატომ უნდა გავტეხო?.. - ჰკითხა ძირაფამ, თან მუშტები მოკუმა. - მაშ, ზარალი არავის ვაზღვევინო, ან შეურაცხყოფას აღარა თვლით?

- იცით, ამას რა ჰქვია? - უთხრა ბოლოს ადვოკატმა. - ამას ჰქვია ძალადობრივი გამომწყვდევა.

- გამომწყვდევა? მერე ვინ გამოამწყვდია? - წამოიყვირა ძირაფამ. - განა თვითონ არ ამოიგმანა თავი? მე რა შუაში ვარ!

ადვოკატმა დაწვრილებით აუხსნა, რომ ამ საქმეს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, დონ ლოლო ვალდებულია, ახლავე გაათავისუფლოს ტყვე, რომ პასუხი არ აგებინონ სამართლის წინაშე, მისი ძალადობრივი გამომწყვდევის გამო, მეორე მხრივ კი - მექოთნემ პასუხი უნდა აგოს ზარალზე, რაც მისი დაუდევრობისა და უგუნურობის წყალობით განიცადეო.

- რა თქმა უნდა! - გულზე მოეშვა ძირაფას და ჰაერი ჩაისუნთქა. - მან უნდა გადამიხადოს ქვევრის საფასური!

- მოითმინეთ, - გააჩერა ადვოკატმა. - მაგრამ ახალი ქვევრის საფასური კი არა, რაღა თქმა უნდა!

- ვითომ რატომ?

- იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, გატეხილი იყო!

- გატეხილიო? არა, სენიორ, ახლა ხომ მთელი და საღია. რაც იყო, იმასაც კი სჯობია. ძია დიმა თვითონ დაადასტურებს ამას. მაგრამ თუ ხელახლა გავტეხავ, მისი შეკეთება უკვე შეუძლებელი გახდება. ქვევრი სამუდამოდ დამეკარგება, სენიორ ადვოკატო!

ადვოკატმა დაარწმუნა, ყოველივე ამას მხედვლეობაში მიიღებენ და ქვევრის ღირებულებას იმის მიხედვით გადაახდევინებენ, როგორც ამჟამად არისო. გამომშვიდობებისას კი ურჩია: - პირველ რიგში, ეცადეთ, თვითონვე შეაფასებინოთ ქვევრი.

- თქვენს ხელებს ვენაცვალე, - უთხრა დონ ლოლომ და სწრაფად გავიდა კანტორიდან.

საღამოს, შინ დაბრუნებულს, მოხუცის ახალ სამყოფელთან თავმოყრილი გლეხები გამხიარულებული დახვდნენ. დონ ლოლოს ძაღლიც კი სიხარულით ხტოდა და ქვევრს უყეფდა. ძია დიმა არა მარტო მშვიდად გამოიყურებოდა, თითქოს შეჰგუებოდა კიდეც თავის უცნაურ მდგომარეობას და შემწყნარებლური სიცილით ხუმრობდა საკუთარ თავზე.

ძირაფამ ყველანი გასწი-გამოსწია და ქვევრში ჩაიხედა.

- აბა, როგორ არის საქმე?

- მშვენივრად! ჰაერი სუფთაა, - უპასუხა ტყვემ, - შინ ყოფნას, აქ ჯდომა მირჩევნია.

- მოხარული ვარ. გაფრთხილებ, ეს ახალი ქვევრი ოთხი უნცია დამიჯდა. როგორ გგონია, ახლა რა ეღირება?

- ჩემიანად? - ჰკითხა ძია დიმამ.

გლეხები აჟრიამულდნენ.

- ჩუმად! გაჩუმდით! - იყვირა ძირაფამ. - ორიდან ერთია: ან ეგ წებო მართლა რამედ ღირს, ან სულ არაფრის ფასი არ ჰქონია. თუ არაფრად არ ღირს, მაშინ მატყუარა ყოფილხარ, ხოლო თუ კარგია, მაშინ ქვევრს ისევ ის ფასი უნდა ჰქონდეს, როგორც ახლაა. ჰოდა, შენ თვითონ შეაფასე.

ძია დიმა ერთხანს დაფიქრდა, მერე უთხრა: - თქვენ რომ უფლება მოგეცათ და მარტო წებოთი დამეწებებინა, როგორც მე მინდოდა, მაშინ აქ არ ვიჯდებოდი და არც ფასი დააკლდებოდა. ახლა, როცა ამ სამაგრებით დამახინჯდა, რომლებსაც ისე ვერ დავადებდი, თუ შიგ არ ჩავიდოდი, რაღა ფასი ექნება? დაახლოებით თავისი ფასის მესამედი, მეტი არა.

- მესამედი? - კითხვა შეუბრუნა ძირაფამ.

- შეიძლება უფრო ნაკლებიც კი, მაგრამ ამაზე მეტი კი ნამდვილად არ ეღირება.

- მაშინ, - უთხრა დონ ლოლომ. - შენი სიტყვა შეასრულე და შენივე დადებული ფასი, ანუ უწინდელი ფასის მესამედი გადამიხადე.

- რა? - გაოცებული ჩაეკითხა ძია დიმა.

- მე გავტეხავ ამ ქვევრს, რომ ამოხვიდე, შენ კი, როგორც ადვოკატმაც დამიდასტურა, მისი ღირებულების მესამედს გადამიხდი.

- მე გადაგიხდი? - ჩაიცინა ძია დიმამ. - თქვენ ალბათ ხუმრობთ. მე აქაც შესანიშნავად ვგრძნობ თავს.

ცოტათი გაჭირვებით ამოიღო ჯიბიდან თავისი ძველი ყალიონი, ცეცხლი მოუკიდა და გააბოლა, ბოლს კი ქვევრის საბედისწერო ვიწრო ყელიდან უშვებდა.

დონ ლოლო გახევდა. ასეთ მდგომარეობას ვერც კი დაუშვებდა. ადვოკატსაც კი არ დაუშვია ეს ვარიანტი. როგორ უნდა გადაეწყვიტათ საკითხი? ლამის ისევ დააპირა, ჯორი შემიკაზმეთო, ეთქვა, მაგრამ გაახსენდა, რომ უკვე ძალიან გვიან იყო.

- მაშ, ასე გინდა, ხომ? ჩემს ქვევრში გადაწყვიტე ჩასახლება? ყველა დამემოწმებით. პირადად მე მზად ვარ, გავტეხო, მაგრამ თვითონ არ უნდა იქიდან გამოსვლა, იმიტომ, რომ ფული არ გადაიხადოს. თუ შიგნით უნდა დარჩენა, ხვალვე სასამართლოს გადავცემ მაგის საქმეს, რადგან საცხოვრებელ ფართს მართმევს და ხელს მიშლის ქვევრის გამოყენებაში.

ძია დიმამ ერთხელ კიდევ გააბოლა ყალიონი, მერე კი მშვიდად მიუგო: - არა, სენიორ, მე არაფერში არ გიშლით ხელს. აქ გასართობად კი არ ვზივარ! გამათავისუფლეთ და დიდი სიამოვნებით წავალ, მაგრამ ფულის გადახდაზე... ხუმრობითაც კი არ დაგთანხმდებით, ჩემო ბატონო.

განრისხებულმა დონ ლოლომ ფეხი ასწია, რომ ქვევრისთვის მიერტყა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი. ერთადერთი, რაც გაბედა - ორივე ხელები შემოაჭდო და შეანჯღრია.

- ხედავთ, როგორი წებოა? - დამცინავად გამოსძახა ძია დიმამ.

- წყეულო! - უყვირა ძირაფამ. - ვინ არის დამნაშავე, მე თუ შენ? მაშ მე რატომ უნდა დავზარალდე? სულაც გაგძვრეს მანდ სული, ჯანდაბას შენი თავი! ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს!

წავიდა და აღარც კი გახსენებია ის ხუთი ლირა, რომელიც ქვევრში ჩაუყარა. ძია დიმამ გადაწყვიტა, ამ ფულით გლეხებთან ერთად ცოტა წაექეიფა და გუნება გამოეკეთებინა. გლეხები ჯერ კიდევ იქ იყვნენ, გადაწყვიტეს, სასეირო ამბავს არ მოსცილებოდნენ და ღია ცის ქვეშ, ფარდულთან გაეთენებინათ ღამე. ერთ-ერთი მათგანი იქვე მყოფ სამიკიტნოში წავიდა საყიდლებზე. მთვარე თითქოს შეკვეთილივით მკაფიოდ ანათებდა და გარშემო არემარეს აჩახჩახებდა.

დონ ლოლო ჯოჯოხეთურმა ხმაურმა და ბრაგუნმა გამოაღვიძა. აივანზე გამოსულმა მთვარით განათებულ ეზოში მოცეკვავე ეშმაკუნები დაინახა. მთვრალ გლეხებს ერთმანეთისთვის ხელი ჩაეკიდათ და ქვევრს გარს ურბენდნენ, შიგნიდან კი ძია დიმა ხმამაღლა მღეროდა.

ეს კი ვეღარ აიტანა დონ ლოლომ. გაცოფებული ხარივით გამოვარდა გარეთ. სანამ გლეხები რამეს მოასწრებდნენ, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ქვევრს ხელი ჰკრა და გადააყირავა. ქვევრი მთის ძირისკენ გადაგორდა, ზეთისხილის ხეს მიენარცხა და გატყდა. მთვრალი გლეხები ისევ ხარხარებდნენ. გამარჯვებული ძია დიმა დარჩა.

"ლუიჯი პირანდელო"

მთარგმნელი ლელა ზურაბიანი