მთავრობამ “მოსავლის მართვის კომპანია” დააფუძნა, რომელსაც 15 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოეყოფა

25 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

მთავრობამ “მოსავლის მართვის კომპანია” დააფუძნა, რომელსაც 15 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოეყოფა

მთავრობამ “მოსავლის მართვის კომპანია” დააფუძნა, რომელსაც 15 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოეყოფა

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს წლევანდელი რთველი დიდძალი თანხა დაუჯდება, საიდანაც 50 მილიონი მხოლოდ მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებისთვის გამოიყოფა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან გახდა ცნობილი.

შესყიდვების სააგენტოს ყურძნის ფასის სუბსიდირებასთან დაკავშირებით “მოსავლის მართვის კომპანიამ” წერილობით მიმართა და 15 მილიონი ლარი გამოითხოვა. პარალელურად თანხას, ოღონდ ამჯერად 35 მილიონი ლარის ოდენობით ითხოვს სააქციო საზოგადოება “აკურა”, რომელიც ასევე მევენახეთა სუბსიდირების პროგრამაშია ჩართული.

“მოსავლის მართვის კომპანია” 2020 წლის 4 აგვისტოს დარეგისტრირდა. მისი 100 %-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. ხოლო რაც შეეხება სააქციო საზოგადოება “აკურას”, ის 1995 წელს არის დაფუძნებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ექვემდებარება.

ორივე ზემოაღნიშნული საწარმო მთავრობის უშუალო დაქვემდებარების ქვეშაა. წელს ისინი ხელისუფლების დაკვეთით ჩაიბარებენ ყურძენს, რომელსაც გადაამუშავებენ და მოგვიანებით ღვინომასალად და/ან სპირტად აქცევენ. გეგმით გათვალისწინებულია შემდგომში აღნიშნული ღვინის და სპირტის რეალიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება

გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ კერძო ქარხნებისთვის ყურძნის ფასის სუბსიდირება არ მომხდარა, სააქციო საზოგადოება “აკურამ” მევენახეებისგან 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეიძინა, რისგანაც ღვინომასალა და სპირტი დაამზადა. აღსანიშნავია, რომ შარშან ამ თანხის ბიუჯეტიდან გამოყოფა არ მომხდარა, რადგან სააქციო საზოგადოება “აკურას” საკუთარი დამოუკიდებელი ფინანსები გააჩნია, რასაც მნიშვნელოვანწილად ღვინომასალის და სპირტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები განაპირობებს. თუმცა, წელს ეს თანხა საკმარისი აღარ აღმოჩნდა და “აკურამ” სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ: ლევან მუხუზლა პანდემიის პირობებში მიმდინარე რთველის, სუბსიდირების პროგრამისა და ექსპორტის პოტენციალის შესახებ

“რთველი 2020”-ის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში რეკორდულ 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს პროგნოზირებს. ჯერჯერობით უცნობია, აქედან რა რაოდენობის ყურძენს შეისყიდიან სახელმწიფო საწარმოები. ეს მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როცა რთველი დამთავრდება და ზუსტად გაირკვევა, თუ რა რაოდენობის თანხა დახარჯა სახელმწიფომ ყურძნის ფასის სუბსიდირების შედეგად, კორონავირუსის პანდემიის გავლენით შემცირებული ღვინის ექსპორტის ფონზე გასაჭირში ჩავარდნილი მევენახეების დასახმარებლად.

დავით ჩუთლაშვილი