კერძის და ღვინის შეხამება, შეფმზარეულ მიშა ავსაჯანაშვილთან ერთად

16 სექტემბერი, 2020წ

გაზიარება

კერძის და ღვინის შეხამება, შეფმზარეულ მიშა ავსაჯანაშვილთან ერთად

კერძის და ღვინის შეხამება, შეფმზარეულ მიშა ავსაჯანაშვილთან ერთად

ჩვენი ღვინის ონლაინ პლატფორმა და ღვინის ონლაინ მაღაზია Allwine.ge ახალ რუბრიკას, ღვინის და კერძის შეხამებას იწყებს. ამ რუბრიკის ფარგლებში ვეწვევით სხვადასხვა რესტორანს, გასტრო სივრცეს და ცნობილ მეღვინეებთან, სომელიეებთან, შეფმზარეულებთან და კულინარიის ექსპერტებთან ერთად, ვიმსჯელებთ ღვინისა და კერძის შეხამებაზე; ვისაუბრებთ მათ არომატებსა და გემოვნურ თვისებებზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩვენი მკითხველის წარმოდგენას გასტრონომიისა და ღვინის მიმართულებით.     

 

                           

 

ამ მიზნით, ერთერთ გამორჩეულ და წარმატებულ ქართველ  შეფმზარეულ მიშა ავსაჯანიშვილთან ერთად, თბილისში მდებარე ცნობილ რესტორან „ორანჟერეას“ ვეწვიეთ. პირველ დეგუსტაციაზე კი, რესტორნის მენიუში არსებული  რამდენიმე კერძი და ქართული თეთრი ღვინო შევაუღლეთ.

 

 

 

 

 

   

 

დეგუსტაციაზე გაისინჯა მეღვინეობა „ჩელთის“ წინანდალი (2018), მეღვინეობა „ჩელთის“ მუხის კასრში დავარგებული რქაწითელი (2018)  და 2019 წლის „ანემოს“ კრახუნა. ღვინოებთან ერთად დავაგემოვნეთ როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები.

 

               

 

გიზიარებთ დეგუსტაციის შედეგებს, თუ რომელი ღვინოები შეეხამა, მასპინძელი რესტორნის მიერ წარმოდგენილ კერძებს:

 


"ჩელთის" წინანდალი

 

  • ყურძნის სახეობა: რქაწითელი, მწვანე
  • ფერი: თეთრი
  • წელი: 2018
  • მწარმოებელი: ჩელთი
  • ვიზუალური შეფასება: ღია ჩალისფერი
  • არომატი: საშუალო ინტენსივობით, ძირითადად ვაშლი და ლიმონი
  • გემო: ხალისიანი, კარგი მჟავიანობით, ცინცხალი, აქაც მეორდება ყნოსვის არომატები, ვაშლი, ალუჩა და ლიმონი, მსუბუქად ატამი

 

კერძთან შეხამება: კარგია ბოსტნეულის სალათთან და ქართულ ფხალეულთან, კარგად შეეხამა ორაგულის სალათს მჟავიანობის ხარჯზე, ასევე მოუხდა კრევეტებს ლაიმით.

 

 

          

 

                         

 

 

 

"ჩელთის" რქაწითელი, მუხაში დავარგებული

 

  • ყურძნის სახეობა: რქაწითელი, მწვანე
  • წელი: 2018
  • ფერი: თეთრი
  • მწარმოებელი: მეღვინეობა ჩელთი
  • ვიზუალური შეფასება: ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე
  • არომატი: მუხის ტონი, თუმცა მუხა არ არის ძალიან დომინანტი, მსუბუქად ვანილის ტონები, მსუბუქი ატამი.
  • გემო: გემოში დომინანტი არის მუხა, ზომიერი მჟავიანობა, მსუბუქი მუხის დავარგება, ხანგრძლივი გემო

 

 

კერძთან შეხამება

კარგია ნიგვზიან ბადრიჯანთან ერთად, თუმცა  ძალიან კარგად შეეხამა ზომიერად მარილიან შებოლილ სულგუნს. მუხის კასრის გემო სულგუნთან მშვენივრად დაბალანსდა.

 

        

 

 

 

"Anemo"-ს კრახუნა, ქვევრი

  • ყურძნის სახეობა: კრახუნა
  • წელი: 2019
  • ფერი: თეთრი
  • მწარმოებელი: ანემო
  • ვიზუალური შეფასება: ღია ოქროსფერი
  • არომატი: გამხმარი მინდვრის ყვავილები, საშუალოზე მეტად ინტენსიური ჩაი, ატმის და ვაშლის ჩირი
  • გემო: ზომიერად გამოხატული ტანინი და იმერული ღვინოებისთვის დამახასიათებელი საშუალოზე მეტი მჟავიანობა

 

კერძთან შეხამება

კარგად შეეხამა სულგუნსა და აჯიკას, ვარდისფერი პომიდვრის სალათს, მოუხდა კარაქში შემწვარ კრევეტებს ლაიმით, ასევე ტანინების ხარჯზე მშვენივრად შეეწყო შემწვარ კალმახს ბროწეულით და აჯიკით

 

 

        

 

        

 

 

ავტორი: ილიკო კილაძე