საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირებულია - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

10 მაისი, 2020წ

გაზიარება

საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირებულია - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირებულია - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

თითქოს პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: იმ პირობებში, როცა ადამიანები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ღვინოს იმარაგებენ და ღვინის გაყიდვებმა მკვეთრად მოიმატა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 2020 წლის იანვარ-მარტში მთელი 9,6 %-ით იკლო. მაგრამ ეს ფაქტი გასაოცრად და პარადოქსულად სულაც არ მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეზღუდულია და ქართული ღვინო, მასზე მოთხოვნის მიუხედავად, უცხოელ კლიენტებამდე ფიზიკურად ვერ მიდის.

როგორც საქსტატი იუწყება, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ ექსპორტზე 44,261 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 4,715 მლნ დოლარით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების მთლიან ჩამონათვალში ეს კლება 0,2 %-ს შეადგენს და 5,9 %-დან 5,7 %-მდე არის დაწეული.

ღვინის ექსპორტს 2020 წლის იანვარში ისევ მე-5 ადგილი ეკავა უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სტატისტიკაში, თუმცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკვე 1 %-ით იყო შემცირებული და მთლიანი ექსპორტირებული საქონლის ფულადი შემოსავლების 5,6 %-ს შეადგენდა. ამ ცვლილებას ფულის სახით თუ გამოვსახავთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: 2019 წლის იანვრის 15,775 ათასი დოლარიდან ვარდნა 2020 წლის იანვარის 14,764 მლნ დოლარამდე.

ნიშანდობლივია, რომ კლება დაფიქსირდა ყველა საექსპორტო მიმართულებაზე თანაბრად. განსაკუთრებული ვარდნა არ ყოფილა რომელიმე ერთი კონკრეტული ქვეყნიის მიმართულებით.

წელსაც, ისევე, როგორც ყოველთვის, ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო მიმართულება ისევ რუსეთია. სწორედ რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის 59,5 %.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ტოპ ათეულს, სადაც ქართული ღვინო ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა:

რუსეთი - 26,356 მლნ დოლარი
უკრაინა - 5,094 მლნ დოლარი
პოლონეთი - 2,994 მლნ დოლარი
ჩინეთი - 2,058 მლნ დოლარი
ყაზახეთი - 1,225 მლნ დოლარი
ლატვია - 937,8 ათასი დოლარი
გერმანია - 795,7 ათასი დოლარი
ამერიკა - 691,9 ათასი დოლარი
ბელარუსი - 685,9 ათასი დოლარი
ლიეტუვა - 463,8 ათასი დოლარი

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს ესტონეთი ათეულში იმყოფებოდა იანვარ-მარტში ექსპორტირებული 450 ათას დოლარამდე ღირებულების ღვინით. დღეს მისი პოზიცია ლიეტუვამ დაიკავა, სადაც 13,8 ათასი დოლარით მეტი ღირებულების ღვინო გავიდა.

დავით ჩუთლაშვილი