ველურ ვაზს გერმანიაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იყენებენ

27 ნოემბერი, 2019წ

გაზიარება

ველურ ვაზს გერმანიაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იყენებენ

ველურ ვაზს გერმანიაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იყენებენ

გერმანულ ქალაქ ოპლადენში ხმაურისგან დამცავ კედლებთან ველური ვაზის 614 ძირი დარგეს. მცენარეულმა საფარმა უნდა უზრუნველყოს არამარტო ის, რომ კედელი თვალისთვის უკეთესი აღსაქმელი გახდეს, არამედ მან ქალაქი მეტი ჟანგბადითაც უნდა მოამარაგოს.

2,3 მეტრის სიმაღლის კედელი ქალაქში 1330 მეტრის გაყოლებაზეა აშენებული და მისი მიზანია ავტობანიდან წამოსული ხმაურისგან ქალაქის შიდა ნაწილის დაცვა. თუმცა, მალე კედელს ახალი ფუნქცია ექნება: ქალაქის ჟანგბადით მომარაგება. ეს არის სწორედ ის პარალელური გამოყენება, რაც მომავალში შეიძლება მოეძებნოს ძალიან ბევრ კედელს გერმანიაში.

ქალაქ ოპლადენის მერიას განზრახული აქვს, მომავალში არამარტო კედლები, არამედ სახლების ფასადებიც ველური ვაზით დაფაროს, რათა მაქსიმალურად განეიტრალდეს ის გამონაბოლქვი, რასაც ავტომანქანები ქალაქში მოძრაობისას გამოყოფენ.

ველური ვაზი ძალიან სწრაფად იზრდება, არ საჭიროებს სპეციალურ მოწყობილობებს, რომელთა მეშვეობითაც მცენარე კედელზე უნდა მიებას და აღნიშნულ მცენარეს უმოკლეს ხანებში შეუძლია გადააქციოს ნებისმიერი რუხი და უსახო კედელი გამწვანებულ სივრცედ.

ველური ვაზის გახარება კედლებთან "ახალი მწვანე ქალაქის" კონცეფციის მხოლოდ ნაწილია, რასაც ქალაქის მუნიციპლიტეტი ახორციელებს. იგეგმება ასევე 7 ჰექტრამდე ტერიტორიის ათვისება აღმოსავლეთ ნაწილში.

გერმანელები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ქალაქების გამწვანების პროექტებში. კლიმატოლოგები საუბრობენ, რომ თუ გადამწყვეტი ზომები არ იქნა მიღებული და პრობლემის მოსაგვარებლად დღევანდელზე ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა არ გავიღეთ, 2100 წლისთვის დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 3,5 გრადუსით მოიმატებს და არა 1,5-2 გრადუსით, როგორც ამას აქამდე ფიქრობდნენ. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ აქ საუბარია სულ რაღაც 3,5 გრადუსზე და ეს არაფერია, მაგრამ საქმე ეხება პლანეტის საშუალო ტრმპერატურას, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგგან ტემპერატურა არა 3,5, არამედ 10 და 15 გრადუსითაც კი მოიმატებს, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება. არადა, 2100 წელი არცთუ ისე შორს არის და მას ძალიან ბევრი ის ბავშვი მიაღწევს, რომელიც ახლა ჩვენს გვერდით იზრდება.

გლობალური დათბობა ძალიან საშიში პროცესია და მისი შეჩერება მხოლოდ ყველა ადამიანის და სახელმწიფო სტრუქტურის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, ყოველი კვადრატული სანტიმეტრის მწვანე მიზნებით გამოყენების შედეგად, სადაც კი ეს საერთოდ შესაძლებელია.

ველური ვაზი, იგივე უსურვაზი მეცნიერების მტკიცებით ადამიანმა პირველად საქართველოში “მოიშინაურა” და გააკულტურულა.

ზოგადად, ვაზი ჭარბად გამოჰყოფს ჟანგბადს, განსაკუთრებით კი ეს ეხება უსურვაზს, რომელიც ფოთოლთა სიუხვით არის გამორჩეული.

დავით ჩუთლაშვილი