რას წერდა ინგლისელი ისტორიკოსი, უილიამ ალენი ქართულ სადღეგრძელოზე  და რა მითოსური დატვირთვა ქონდა ღვინოს

10 ოქტომბერი, 2018წ

გაზიარება

რას წერდა ინგლისელი ისტორიკოსი, უილიამ ალენი ქართულ სადღეგრძელოზე და რა მითოსური დატვირთვა ქონდა ღვინოს

რას წერდა ინგლისელი ისტორიკოსი, უილიამ ალენი ქართულ სადღეგრძელოზე და რა მითოსური დატვირთვა ქონდა ღვინოს

საქართველოში ღვინისა და ვაზის კულტი მრავალმხრივ ვლინდება; განსაკუთრებით კი ნადიმზე. ნადიმი თანამეინახეთა ისეთი ერთიანობაა, სადაც სუფრის თითოეული წევრის ინდივიდუალობაა გამოვლენილი – ყველას ეძლევა სიტყვა, ყველას ეძღვნება ქება, თუნდაც ზედმეტი; აქ წესის აღსრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალობა. სადღეგრძელო არაა განსჯა, ის უფრო სასურველი ილუზიაა. აქედან გამომდინარე, ნადიმს ახლავს პურობის ესთეტიზება – არა თვითმიზნური მხიარულება, არამედ სევდის დაძლევა. ესაა ესთეტიკური უდარდელობა, რასაც ინგლისელი ისტორიკოსი, უილიამ ალენი ქართველთა ერთ-ერთ ნიშან-თვისებად მიიჩნევდა.

               

ქართული ნადიმის ხასიათს ქართული სიმღერა, მისი პოლიფონიურობა განსაზღვრავს. პოლიფონიურობაც ქართველთა ინდივიდუალიზმის დაძლევაა. მღერიან სამ სხვადასხვა ხმაში – პირველს, მეორესა და ბანს. სამგვარი ინდივიდუალობა – სამი ხმა ერთიანდება, მაგრამ ისე, რომ თითოეული ნამღერი თავისხმაზე რჩება, ინდივიდუალობა არ იკარგება.

საქართველოში ღვინისა და ვაზის კულტი ყოველთვის ერთიანობაში მოიაზრება, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მათგანია წარმოდგენილი. ეს ეხება როგორც წინაქრისტიანულ, ასევე ქრისტიანულ ხანასაც. მითოსური წარმოდგენით ვაზი ღვთაებრივ მცენარედ ითვლება. მას თაყვანს სცემდნენ. როცა ჩვენში უმთავრესი ღმერთი მზე გახდა, მცენარეთაგან მის ყველაზე ახლობლად ვაზი მიუჩნევიათ, რადგან ვაზი ყველაზე მეტად შეიწოვდა მზის ძალას, რომელიც შემდგომ ღვინოში გადადიოდა და ადამიანს ათრობდა. მაშინდელი რწმენით, მზის ძალას არა მხოლოდ მტევანი და ფოთლები, არამედ ვაზის ტანიც ისრუტავდა. ეს იყო მზისგან მონიჭებული სიყვარულის ძალა, რომელსაც მტევანიცა და ვაზის ტანიც ქალური სიყვარულით განიცდიდნენ. ამ ძალით იყო დაგრეხილი ვაზი და ამავე ძალით ეტმასნებოდა ჭიგოს, რაშიც სილამაზე აღიქმებოდა. ამიტომაც დაამსგავსეს ვაზის მიმოხრას ქართული ჩუქურთმა. 

            

ქართული ჩუქურთმის მთავარი ხაზი ვაზის მიმოხრას გვაგონებს, თითქოს ვაზი ეხვევაო ჭიგოს. ვაზის ორნამენტი ჩანს უძველესი ხანის თრიალეთის თასზეც და ბედიის ბარძიმზეც. ვაზისეული ხაზები უძველეს ქართულ ასოებშია (მრგვლოვანშიც) გამოკვეთილი. ქართულ ორნამენტში ვაზის ფოთლები და მტევნებია გამოსახული. ამგვარადაა მოხატული დავით აღმაშენებლის სამეფო სამოსი გელათის ფრესკაზე, ასევე სვეტიცხოვლის ტაძრის ფასადებზე, ანანურის ეკლესიის დასავლეთ კედელზე და სხვა მრავალ ტაძარზე. აგრეთვე – უძველეს ბალთებზე, ქართულ ნაქარგობაზე, ტაძართა სვეტის თავებისა და ტრადიციული ქართული ოდის ორნამენტებზე, ჭედური ხატების ჩუქურთმებზე. ზოგჯერ ნაქანდაკარ ჯვრებს ნაქანდაკარი მტევანი ჰკიდია...

                                                          

საქართველოში დღემდეა შენარჩუნებული რწმენა, რომ ყურძნის მარცვალში მზის სხივია. ეს უკვე მითოსური რწმენა კი აღარ არის, არამედ ვაზის ესთეტიზაციაა. თუ ადრე ღვინისა და ვაზის კულტის ესთეტიზაცია მითოსით ხდებოდა, ქრისტიანობაში იგი მაცხოვარსა და მაცხოვრის სიმბოლოს – მზეს დაუკავშირდა. საერთო მოტივი ორივეგან ღვთიური სინათლეა, იმ განსხვავებით, რომ ადრე ღვთაება მზე იყო, შემდეგ კი ღვინითა და ვაზით სიმბოლიზებული გახდა.